|
14-06-2011, 00:05
14 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, აბიტურიენტებთან შეხვედრა და ახალი პროეტების პრეზენტაცია გაიმართება.
საქართველოს უმსხვილესი ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, ახალგაზრდებში ტექნიკური განათლების პროპაგანდის კამპანიას იწყებს.
ჰოლდინგის ორგანიზებით, 50-მდე აბიტურიენტისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიისა და ენერგეტიკის ფაკულტეტების დეკანები პრეზენტაციებს გამართავენ, ხოლო „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", როგორც ახალგაზრდების პოტენციური დამსაქმებელი, მათ ჰოლდინგის შესახებ მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას. პრეზენტაციების გარდა, აბიტურიენტებს ტექნიკური უნივესტიტეტის სასწავლო ლაბორატორიების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცემათ.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ღონისძიებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ატარებს. ამჯერად პრეზენტაციას თეთრიწყაროს რაიონის სკოლების მოსწავლეები ესწრებიან, ხოლო ახლო მომავალში მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა რაიონების აბიტურიენტებისთვისაც გაიმართება.
ღონისძიებას „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" მაღალი რგოლის მენეჯმენტი და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები დაესწრებიან. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს და მართავს არაერთ კომპანიას: ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავების, საშენ მასალათა წარმოების, ლოჯისტიკური მომსახურების, დეველოპმენტის და სხვა სფეროებში.
ჰოლდინგში შემავალი კომპანიები ორიენტირებული არიან ქვეყნის რესურსების ეფექტიან მოპოვება-გამოყენებაზე, რაც ხელს უწყობს საქართველოს ინდუსტრიის გრძელვადიან და წარმატებულ განვითარებას. ჰოლდინგმა უკვე განახორციელა ათობით მილიონის ინვესტირება საქართველოს ეკონომიკაში და კვლავ გეგმავს პერსპექტიული წამოწყებების მხარდაჭერას |
|