|
7-07-2011, 20:14
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც ვარშავაში გამართული კონფერენციის ,,მობილობის აღმოსავლეთ განზომილება” მუშაობაში იღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ საშუალება, თავიანთ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ იმ გრანტების მოპოვებაში, რომლის საერთო მოცულობა 11 000 000 ევროა და გამოყოფილია იმასათვის, რომ მოხდეს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა განვითარება და მეცნიერების ხელშეწყობა.
ახალი პროექტის ფარგლებში, მოძიებული გრანტებით ქართული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ და უფრო მეტ უცხოელ სტუდენტს მოიზიდავენ.
საქართველოში, რომელიც არის ევროპული საგანმანათლებლო სივრცის სრულყოფილი ნაწილი 2 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლობს. მობილობის პროცესის ფარგლებში, რომელშიც საქართველო რამდენიმე წელია ჩართულია, ჩვენ სტუდენტებსაც აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ევროპის ქვეყნების საუკეთესო უნივერსიტეტებში.
ვარშავაში კონფერენცია 6-7 ივლისს ტარდება და იგი ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს პოლონური წარმომადგენლობის მიერ არის ორგანიზებული. ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში იმართება და მისი მიზანია გააძლიროს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მობილობა განათლების, ახალგაზრდობის და კვლევის საკითხებში.
კონფერენციაში შესაბამისი სამინისტროების, უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრების, ეროვნული სააგენტოების, ევროკავშირის პროგრამების, ფონდების, ასოციაციებისა და სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სტუდენტები მონაწილეობენ.
აღნიშნული კონფერენცია არის საუკეთესო საშუალება მობილობის ინსტრუმენტებთან დაკავშირებით გამოცდილებებისა შეხედულებების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით.
ვარშავის კონფერენცია ხალხთა შორის სამომავლო კონტაქტების დამყარებას ემსახურება. იგი არის კარგი მოსამზადებელი ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის, რომელიც მიმდინარე წლის 29-30 სექტემბერს ვარშავაში გაიმართება. mes.gov.ge |
|