|
11-08-2011, 00:16
თითქმის საუკუნოვანი პაუზის შემდეგ, სუმელას მონასტერში ქრისტიანული წირვა აღევლინება. პირველად, 88 წლის შემდეგ, შავიზღვისპირეთის უძველეს მონასტერ სუმელაში, საღვთო ლიტურგია გაიმართება. ნებართვა თურქეთის მთავრობამ ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის სახელზე უკვე გასცა და მონასტერში წირვა 12 აგვისტოს, 10:00 საათიდან ტარდება.
სუმელას მონასტერი ტრაპიზონიდან ერთი საათის სავალზე, კლდეშია ნაკვეთი. ის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი. უძველესი დროიდან იგი პონტოელი ბერძნებს ეკუთვნოდა, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ტრაპიზონის მხარეში ბერძენთა დევნის გამო, იქ სამონასტრო ცხოვრება შეწყდა. მონასტრის მსახურები საბერძნეთში გადავიდნენ და სამონასტრო განძეულობაც იქ გადაიტანეს.
რამდენიმე წლის განმავლობაში მონასტერში სარესტავრაციო სამუშაო მიმდინარეობდა, რომელიც სხვადასხვა მართლმადიდებული ქვეყნის მორწმუნეებმა დააფინანსეს. შემოწირულობები ქართველებმაც გაიღეს.
12 აგვისტოს წირვას ბერძნული ეკლესიის პატრიარქი ბართლომეოსი აღავლენს.ლიტურგიაზე დასასწრებად ტრაპზონში საქართველოდან, რუსეთიდან და საბერძნეთიდან 3 ათასამდე მორწმუნეს ელოდებიან. ghn.ge |
|