|
30-10-2011, 01:56
საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი გეგმის თანახმად, პროფესიული განათლების ამოცანაა უკეთესი დასაქმებისთვის შესაძლებლობების შექმნა, რაც უნდა ემყარებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირებას, არჩევნის თავისუფლებას, მეწარმეებთან თანამშრომლობას. "უმაღლესი განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო დონის განათლება საქართველოს ახალგაზრდობის გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის დონეზე, მათ შორის, ბოლონიის პროცესის ფარგლებში ევროპულ და გლობალურ აკადემიურ სისტემაში ინტეგრაციის გზით", - აღნიშნულია საქართველოს მთავობის ათპუნქტიან გეგმაში.
გეგმის თანახმად, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნა ბათუმში ამ პროგრამის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახდება.
საქართველოს მთავრობის ათპუნქტიანი გეგმის თანახმად, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ინტეგრირებული და უზრუნველყოფდეს პედაგოგიური და სამეცნიერო პროცესების სინერგიას.
"უნდა გაღრმავდეს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის უფრო მაღალი ჩართულობით", - ნათქვამია გეგმაში.
"საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ათპუნქტიანი გეგმა მოდერნიზაციისა და დასაქმებისთვის" (2011-2015) სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. გეგმის თანახმად, საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, შექმნას წინაპირობები წარმატებული, მდიდარი და ერთიანი საქართველოსთვის, სადაც ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული საცხოვრებელი გარემოთი და ექნება საშუალება, გახდეს მსოფლიო საზოგადოებრიობის წარმატებული და მდიდარი წევრი. ამ მიზნების მიღწევას საქართველოს მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნით და უმუშევრობის შემცირებით გეგმავს, ხოლო შრომისუუნაროთათვის (შეზრუდული შესაძლებლობის პირები, პენსიონერები) სოციალური დახმარების სისტემის გაუმჯობესებით. შესაბამისად, ამ „ათპუნქტიანი გეგმის" აბსოლუტურად ყველა პუნქტი სწორედ ამ ორ მიზანს ისახავს, კერძოდ, როგორ შევქმნათ უფრო მეტი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი და როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა (მათ შორის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სისტემების გაუმჯობესების გზით).
1-ელ ნოემბერს მთავრობა დოკუმენტის - "საქართველოს მთავრობის სტრატეგიული 10-პუნქტიანი გეგმა მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის" - საჯარო განხილვას აწყობს. განხილვას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან ერთად, მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. განხილვა 1-ელ ნოემბერს 14.30 საათზე, სასტუმრო "რადისონში" გაიმართება. თუმცა მანამდე, 31 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს გილაური ვიდეოკონფერენციის რეჟიმში საქართველოს მთავრობის სამოქმედო "ათპუნქტიანი გეგმის" პრეზენტაციას გააკეთებს.
გეგმა ითვალისწინებს 2011-2015 წლების საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და დასაქმების პრობლემის დაძლევის მთავრობის ერთიან სტრატეგიას.
გეგმის მთავარი მიმართულებებია:
1. მაკროეკონომიკური სტაბილურობა. 2. მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება. 3. საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შექმნა/შენარჩუნება. 4. რეგიონულ სავაჭრო და ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება. 5. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 6. სოფლის მეურნეობის განვითარება. 7. განათლების სისტემის გაუმჯობესება. 8. სოციალური პოლიტიკის დახვეწა. 9. ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება. 10. ურბანული და რეგიონული განვითარება. |
|