|
14-11-2011, 23:08
ბუდაპეშტში დაგეგმილ მსოფლიო სამეცნიერო ფორუმში საქართველოდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ახალგაზრდა მეცნიერთა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი მადუაშვილი მიიღებს მონაწილეობას. უნგრეთის დედაქალაქში სამეცნიერო ფორუმი 16-19 ნოემბერს გაიმართება.
მსოფლიო სამეცნიერო ფორუმი აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ყველაზე ღია და მასშტაბური საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 600-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობს. ფორუმი ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.
2011 წლის რიგით მეხუთე მსოფლიო სამეცნიერო ფორუმის განხილვის მთავარი საგანი, სხვა საკითხებთან ერთად, მეცნიერების ახალი დარგების აღმოცენება-განვითარება და თანამედროვე სამეცნიერო გამოწვევები იქნება.
გიორგი მადუააშვილი უნგრეთში, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის და ფორუმის პრეზიდენტის ჯოზეფ პალინკასის ოფიციალური მიწვევით გაემგზავრება.
ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ "ინტელექტუალის" მთავრი რედაქტორია, ფორუმზე გამოსვლისას საქართველოში მეცნიერების განვითარების ტენდენციებზე, პერსპექტივებსა და ამ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრებს. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური შეხვედრები უნგრეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
მსოფლიო სამეცნიერო ფორუმი ორგანიზებულია უნგერთის მეცნიერებათა აკადემიის, გაერთიანებული ერების სასწავლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის /იუნესკო/ (UNESCO), საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს ((ICSU), მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის (AAAS) და ევროპის მეცნიერებათა აკადემიების მრჩეველთა საბჭოს ((EASAC) მიერ. ghn.ge |
|