|
21-12-2011, 01:08
სტუ-ში დასრულდა კონკურსი “ორიგინალური გადაწყვეტა - გამაფრთხილებელი მოწყობილობა”. კონკურსის მიზანი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შორის ინოვაციური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა და შემდგომ მათი საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა. 7 დეკემბერს შეიკრიბა საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: რამინ ჩიხლაძე (კომისიის თავმჯდომარე), გელა ღვინეფაძე, გივი სიბაშვილი, თენგიზ ჩხიკვაძე, გიორგი კულდონაშვილი, მერაბ ახობაძე. დღის წესრიგში იყო 2011 წლის ივნისში სტუ-ის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა შორის გამოცხადებული კონკურსის - „ორიგინალური გადაწყვეტილება“ - გამარჯვებულის გამოვლენა. კონკურსში გამარჯვებულისთვის დაწესებული იყო ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით.
საკონკურსო კომისიამ მოისმინა რამინ ჩიხლაძის, გელა ღვინეფაძისა და მერაბ ახობაძის ინფორმაცია კონკურსში მონაწილეთა და შეტანილი საკონკურსო განცხადების თაობაზე. მათ აღნიშნეს, რომ სტუდენტთა აქტივობა იყო დიდი, ბევრმა გაიარა კონსულტაცია, მაგრამ საბოლოოდ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციიდან მისაღები აღმოჩნდა ნამუშევარი, დევიზით - “BALTHASAR“-ი. ეს იყო სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის მიხეილ ბუჩუკურის საკონკურსო ნამუშევარი (ხელმძღვანელი - პროფ. რამინ ჩიხლაძე). მიხეილ ბუჩუკური 200 ლარით დაჯილდოვდა და მას სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი დაენიშნა.
როგორც სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელმა გიორგი კულდონაშვილმა აღნიშნა, სტუდენტური თვითმმართველობა მიხეილ ბუჩუკურს აღმოუჩენს ყოველგვარ დახმარებას პროექტის რეალიზაციისთვის.
როგორც საკონკურსო კომისიამ დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი “BALTHASAR“-ი არის ძალიან საინტერესო, ის მაინც ვერ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რომელიც გამარჯვებულს მოეთხოვებოდა. სხდომის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს ის საინტერესო მიგნებები, რომელი კონკურსანტმა წარმოადგინა. საკონკურსო კომისიის წევრებმა დაადგინეს, რომ კონკურსში - „ორიგინალური გადაწყვეტა - გამაფრთხილებელი მოწყობილობა“ - მიხეილ ბუჩუკურის ნამუშევარი გამორჩეულია და მისი დანერგვა შესაძლებელია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
კომისიამ თხოვნით მიმართა სტუ-ის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილს, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მესამე კურსის 2932-ე ჯგუფის სტუდენტის, მიხეილ ბუჩუკურისთვის გამოეყო 200 ლარი ჯილდოს სახით და დამატებითი სახსრები ხელსაწყოს რეალიზაციისა და დანერგვისთვის. ამასთან, დანიშნოდა სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი. როგორც რექტორმა შეხვედრაზე განაცხადა, ყველანაირად ხელს შეუწყობს ამ პროექტის განხორციელებას და, რაც მთავარია, ეს პროექტი სტუ-ში დაინერგება. რექტორისავე ბრძანებით, პროექტის კონსულტანტს, რამინ ჩიხლაძეს, პრემიის სახით, გადაეცა ფულადი ჯილდო. |
|