|
30-12-2011, 12:29
წელს საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, საახალწლო ზეიმი აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება. აღდგენილ გამზირზე საახალწლო ღონისძიებები 31 დეკემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობა ასობით ხელოვანი მიიღებს. ამის შესახებ თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დირექტორმა, ნეკა სებისკვერაძემ განაცხადა.
"31 დეკემბერს, საღამოს 18:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობა დაიწყება, სადაც ასობით ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას. პარალელურად იგეგმება რამდენიმე ღონისძიება. ეს იქნება ტრადიციული კონცერტი, რომელიც სასტუმრო "რადისონთან" მოეწყობა, სადაც იქნება სხვადასხვა თაობის მომღერლების კონცერტები", - განაცხადა სებისკვერაძემ.
რაც შეეხება თოვლის ბაბუას, რომელიც პატარებს წელსაც ტრადიციულად გაახარებს, მასთან „სტუმრობა"მთაწმინდის პარკში იქნება შესაძლებელი.
„თოვლის ბაბუა ტრადიციულად წელსაც მთაწმინდის პარკში სანტა კლაუსთან ერთად იქნება. ისინი პატარებს საჩუქრებით გაუმასპინძლდებიან", - განაცხადა სებისკვერაძემ.
მთაწმინდის პარკში საახალწლო კონცერტებიც მოეწყობა.
საახალწლო კონცერტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც ტარდება. ტელევიზიები პირდაპირ ეთერში თბილისის, ქუტაისის, ბათუმისა და ანაკლიის ღონისძიებებს გადასცემენ. |
|