|
29-01-2012, 01:23
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება. 28 იანვარს განათლების სისტემის განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე უძღვებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს როგორიცაა: საქართველოში საერთაშორისო IBI-ბაკალავრიატის ამოქმედება; უმაღლესებში ინგლისური ენის B1, B2 დონის გამოცდებისთვის მზადება; უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დახვეწა; უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში უცხოელი ლექტორების მოწვევა; სასწავლო დაწესებულებათა აკრედიტაციის პროცესი; სპორტმენებისთვის უმაღლესებში ჩარიცხვისას კვოტების დადგენა; უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე პროფესიული კოლეჯების დაარსების შესაძლებლობა; საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების დახვეწა.
სეფერთელაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო სამომავლო გეგმებზე ღია კარის ფორმატით მუშაობს, თითოეული გადაწყვეტილება ხანგრძლივი მსჯელობის გზით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მიიღება, სადაც საბჭოს წევრთა ყველა მნიშვნელოვანი წინადადებაა გათვალისწინებული.
გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის შემადგენლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები შედიან. კომისია სამუშაო შეხვედრებს გააგრძელებს და საზოგადოებას იმ პრიორიტეტებს წარუდგენს, რომელთაც სამინისტრო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განახორციელებს. mes.gov.ge |
|