|
29-03-2012, 01:27
სტუდენტთა შეფასების ობიექტურობის ამაღლება და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ყველა უნივერსიტეტის საშური საქმეა. ამ მიზნით სტუ-ში უკვე შეიქმნა და დაინერგა „სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა“.
სისტემა განკუთვნილია სტუდენტთა ყოველკვირეული შეფასებისთვის; სასწავლო კურსის წამყვანი პროფესორის მიერ სასწავლო პროცესის წარმართვის მონიტორინგისთვის; სტუდენტთა შეფასების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის; სტუდენტთა და პროფესორთა ინფორმირებისთვის შეფასებათა წარმართვის კალენდარული გეგმის შესახებ.
სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიზნებია - გამჭვირვალე გახადოს სტუდენტთა აღრიცხვა და შეფასება; სტუდენტს შეეძლოს აკონტროლოს სემესტრის განმავლობაში სასწავლო კურსის მიხედვით მის მიერ მიღებული მიმდინარე შეფასებები; თანმიმდევრულად და დროულად შეასრულოს გრაფიკით დადგენილი ყველა სამუშაო, ვინაიდან დაგვიანებით წარმოდგენილი სამუშაო არ ჩაეთვლება შესრულებულად (რადგან ვეღარ მოხერხდება სასწავლო კურსის წამყვანი პროფესორის მიერ მისი დაფიქსირება „ელექტრონულ უწყისში“); სტუდენტმა დროულად აცნობოს დეკანატს მის მიმართ სწავლების პროცესში წამოჭრილი პრობლემის შესახებ; მშობელს შეეძლოს შინიდან გაუსვლელად შეამოწმოს შვილის შეფასებები სემესტრების მიხედვით.
სისტემა მომხმარებელს მიეწოდება ინტერაქტიული ვებგვერდის სახით. მის ფუნქციონირებას საფუძვლად უდევს შეფასებათა მოქმედი უწყისი, რომელიც, თავის მხრივ, სტუდენტის ყოველკვირეულ შეფასებას ითვალისწინებს.
შეფასებათა “ელექტრონულ უწყისში”, სტუდენტთა ყოველკვირეული შეფასების გარდა, შეიტანება შუასემესტრული ტესტირებების, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების შედეგებიც.
სისტემა ავტომატურად (დეკანატის ჩარევის გარეშე) ახდენს სტუდენტის მიმდინარე მოსწრების ქულათა დაჯამებას, მათ დასკვნით გამოცდებზე ან განმეორებით გამოცდებზე დაშვებას და საბოლოო შეფასების გამოყვანას. ამასთან, აკონტროლებს, რომ შეფასებათა ჯამები არ გადასცდეს დასაშვებ ნორმებს. შესაბამისად, ახდენს მომხმარებლის ინფორ¬მირებას.
სემესტრის დამთავრების შემდგომ, ბოლო „დროითი ფანჯრის“ (რომელიც შეესაბამება განმეორებით გამოცდას) დახურვის შემდეგ, სისტემაში რაიმე მონაცემის შეტანა სასწავლო კურსის წამყვანი პროფესორის მიერ შეუძლებელი იქნება. ამ მომენტისთვის „ელექტრონული უწყისი“ ასახავს თითოეული სტუდენტის ყველა შეფასებას, რომელიც მან დაიმსახურა სემესტრის განმავლობაში. ამით მომხმარებლებისთვის (ამ შემთხვევაში, სასწავლო კურსის წამყვანი პროფესორისთვის) „ელექტრონული უწყისი“ დახურულად მიიჩნევა.
სასწავლო ჯგუფის სასწავლო კურსის შეფასებათა გვერდზე შესვლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, სათანადო სახელითა და პაროლით. მაგრამ მას არ ექნება მონაცემების შესწორების საშუალება, თუნდაც გახსნილ “დროით ფანჯარაში”. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯგუფის პაროლს აქვს სიმბოლური დატვირთვა, რამდენადაც ერთი და იგივე პაროლი აქვს სასწავლო ჯგუფის ყველა წევრს. ჯგუფის პაროლი ხელმისაწვდომია მშობლებისთვისაც, შესაბამისად, შეუძლიათ თვალყური ადევნონ შვილის აკადემიურ მდგომარეობასა და განცხადებებს.
სისტემის მართვა ხორციელდება ცენტრალიზებულად, უნივერსიტეტის მასშტაბით. კერძოდ, იმართება „დროითი ფანჯარა“, სემესტრის დაწყება/დამთავრება, შეფასებათა ქულების ოდენობა და ა.შ..
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მონიტორინგის ელექტრონული სისტემა მსგავსი დანიშნულების ცნობილი სისტემებისგან გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს „ელექტრონული უწყისის“ სახე, რომელიც გამჭვირვალეა სასწავლო პროცესში მონაწილე ყველა მხარისთვის: სტუდენტი-უნივერსიტეტი-პედაგოგი. „ელექტრონული უწყისი“ ხელმისაწვდომია სხვა დაინტერესებული მხარისთვისაც, მაგალითად, მშობლისთვის. სისტემა განხორციელებულია ვებპორტალის სახით, რაც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის მომხმარებლებს.
„ელექტრონული უწყისი“ წარმოადგენს სასწავლო ჯგუფის სიას ცალკეული სასწავლო კურსების მიხედვით, სადაც აისახება თითოეული სტუდენტის მოსწრება ყოველ სასწავლო კვირაში.
იმისთვის, რომ სტუდენტმა ნახოს და აკონტროლოს თავისი შეფასებები, საჭიროა შევიდეს ვებგვერდზე - http://leqtori.gtu.ge/. შემდეგ უნდა ამოიღოს ჩანართი „სტუდენტის გვერდი“, შეიტანოს ჯგუფის ნომერი და პაროლი (პაროლს სტუდენტი იღებს თავისი ფაკულტეტის დეკანატში). ამის შემდეგ შეუძლია ამოირჩიოს სასწავლო კურსი და გახსნას „ელექტრონული უწყისი“.
გარდა სტუდენტთა შეფასებისა, „სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემას“ აქვს კიდევ ერთი მისია, რომელიც მდგომარეობს პროფესორთა საქმიანობის მონიტორინგში და სტუდენტთა აკადემიური მოსწრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაში. ამ მიზნით ხდება ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება, რომელთა შედეგებსაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მართვითი გადაწყვეტილებების გამომუშავებისთვის იყენებს.
„სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის“ დანერგვამ უდავოდ მოიტანა დადებითი შედეგები, კერძოდ: • გამჭვირვალე გახდა თითოეული სტუდენტის შეფასება, რამაც გაზარდა შეფასების ობიექტურობა; • სტუდენტის შეფასებას აქვს ყოველკვირეული ხასიათი, რამაც გაზარდა სტუდენტის მოტივაცია; • „ელექტრონული უწყისი“ არ იძლევა ყოველკვირეულ შეფასებებში „უკან დაბრუნების“ საშუალებას, რაც გამორიცხავს გაყალბებას; • „ელექტრონული უწყისი“ უნივერსიტეტის მასშტაბით ახდენს სასწავლო პროცესის სრულ სინქრონიზაციას; • ამცირებს მატერიალურ დანახარჯებს, რამდენადაც არ საჭიროებს „ქაღალდის უწყისს“; • ყოველკვირეულად ახდენს სტუდენტთა მოსწრების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, რასაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მართვითი ღონისძიებების გატარებისთვის იყენებს.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ „სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა“ წარმატებული აღმოჩნდა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
სრული პროფესორი ლევან იმნაიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი |
|