|
28-04-2012, 00:09
გამოცდების ეროვნული ცენტრი 28 და 29 აპრილს პედაგოგებისთვის ორ გამოცდას ჩაატარებს. ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა 28 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდება. პირველი სესიისთვის რეგისტრაცია 08:30 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე დაიწყება. გამცდების მიმდინარეობას განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დაესწრებიან.
ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდაში მონაწილე კანდიდატს მოეთხოვება, ინგლისურ ენაზე კითხვის უნარს საშუალოზე დაბალ დონეზე (pre-intermediate level) ფლობდეს. ინგლისური ენის ცოდნის ეს დონე შეესაბამება ევროსაბჭოს მიერ დადგენილი უცხოური ენების ცოდნის A2 + დონეს და კემბრიჯის უნივერსიტეტის KET (Key English Test) გამოცდის დონეს.
გამოცდის მიზანია შემოწმდეს, შეუძლია თუ არა პედაგოგს პროფესიული განვითარებისა თუ სწავლების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, რომელიც მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, ამ ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტის გამოყენება და ფლობს თუ არა კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს. საგამოცდო ტესტის დავალებები ისეა აგებული, რომ ერთდროულად მოწმდება როგორც ინგლისურის, ისე კომპიუტერის ცოდნა. კანდიდატი გამოცდას კომპიუტერის საშუალებით ჩააბარებს.
ტესტის მაქსიმალური ქულაა 28. გამსვლელი ქულაა 20 ან მეტი (70%). ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი.
ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდას მხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგები აბარებენ. გამოცდა წელს მეორედ ტარდება და მასში მონაწილეობის სურვილი 2000-ზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა.
ამასთან, კვირას, 29 აპრილს საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგები პირველად ჩააბარებენ გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში. გამოცდისათვის რეგისტრაცია 09:00 საათზე დაიწყება, გამოცდა 10:00 საათზე. გამოცდა აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსსა და ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდება. მოანწილეობას 300-ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი მიიღებს. |
|