|
17-06-2012, 01:28
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის“ გამარჯვებულებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კონკურსში თბილისის სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მისი მიზანი განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების ადრეულ ასაკში გამოვლენა იყო.
კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორები იყვნენ: საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და თბილისის 24-ე საჯარო სკოლა.
კონკუსის პირველ ტურში თბილისის სხვადასხვა სკოლიდან 1200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მეორე ტურში 274 მონაწილე გადავიდა. დაჯილდოების ცერემონიაზე მეორე ტურის შედეგები გამოცხადდა და გამარჯვებულებმა დიპლომები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს.
მონაწილეები დაასაჩუქრეს და დიპლომები გადასცეს სასკოლო ოლიმპიადების სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკისა და მათემატიკის ნაკრებების მწვრთნელებმა, მიმდინარე და გასული წლების ეროვნული ნაკრებების წევრებმა, საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებზე წარმატებულმა სხვა მოსწავლეებმა.
კონკურსი ტარდება „ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოქმედებს. mes.gov.ge |
|