|
18-06-2012, 00:50
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა პროექტების კონკურსი ”შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით”. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საჯარო სკოლების 3-5 მოსწავლისაგან დაკომპლექტებულმა 100-მა გუნდმა მიიღო. კომისიამ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. გამარჯვებულები 4000-4000 ლარითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 10 გუნდს კი, კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის წამახალისებელი სიგელები გადაეცა.
კონკურსი ”შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით” ორიენტირებული იყო მოსწავლეთა მიერ მათ მხარეში/ქალაქში ტურისტების მოზიდვის მიზნით, ლოკალური გარემოს შესწავლაზე. საბოლოო პროდუქტის სახით, მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ტურისტული პაკეტი, რომელშიც ასახული იქნებოდა მომსახურების წინასწარ განსაზღვრული ნაკრები: მგზავრობა, დაბინავება, კვება, ექსკურსიები და ა.შ. და გაფორმებული იქნებოდა ტურისტის მოგზაურობის მიზნებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ნათია ჯოხაძის განცხდაებით, ასეთი კონკურსები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენების საფუძველზე, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევებს უვითარებს.
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებული გუნდების წარმომადგენლებმა თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს. mes.gov.ge |
|