|
29-08-2012, 23:20
დღეს ანჩისხატობაა. ანჩისხატობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ დღეს ეროვნულ მუზეუმში, ანჩისხატთან პარაკლისი გადაიხადა. პატრიარქს მუზეუმის შესასვლელში მუზეუმის ხელმძღვანელობა, თანამშრომლები და ხატის მოსალოცად მისული მრევლი დახვდა. ილია მეორემ ისინი დალოცა, რის შემდეგაც სიწმინდეების სპეციალურ საცავში მიბრძანდა, ანჩისხატი მოილოცა და პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისის შემდეგ იქ მყოფები უწმინდესმა კიდევ ერთხელ დალოცა და ყველას ანჩისხატობა მიულოცა. შემდეგ პატრიარქმა საცავში არსებული სხვა უძველესი საეკლესიო ხატები და სიწმინდეებიც მოილოცა.
"ამაღლებული გრძნობაა. უწმინდესი ყოველ წელს, ანჩისხატობას, თვითონ მოდის ანჩისხატთან. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ გვაქვს ასეთი საგანძური, რომელსაც ერთად ვიცავთ. ეს არის ერთიანობა, როგორც ეკლესიის ისე საერო ინსტიტუციის. ხედავთ, რომ მიდის მთელი ამ ტერიტორიის დიდი რეაბილიტაცია. ჩვენ განვაახლებთ მუზეუმსაც, სადაც ეს ჩვენი საგანძური კიდევ უფრო კარგად იქნება წარმოდგენილი", _ განაცხადა მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.
ანჩისხატად წოდებული უფლის ხელთუქმნელი ხატი ბიზანტიიდან საქართველოში VIII-IX საუკუნეებში გადმოაბრძანეს და კლარჯეთში, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში გადაასვენეს. 1194 წელს, წმ. თამარ მეფის ბრძანებით, ხატი სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა მოჭედა. თამარის გარადაცვალების შემდეგ, ურჯულოთა შეურაცხყოფისგან დასაცავად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი თბილისში ჩამოასვენეს და საკათალიკოსო ტაძარში დააბრძანეს. ამის შემდეგ ამ საკათედრო ტაძარს, რომელიც მე-7 საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე აშენდა, ანჩისხატის ტაძარი ეწოდა.
კომუნისტური რეჟიმის დროს ანჩისხატი ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს. უფლის ხელთუქმნელი ხატი დღემდე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება და მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია გამოფენილი. ipn.ge |
|