|
17-09-2012, 00:31
დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს სასწავლო პროცესი იწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხათუნა დეკანოიძის განცხადებით, ყველა საჯარო სკოლა 17 სექტემბერს სასწავლო პროცესს შეფერხების გარეშე განაახლებს. მინისტრის განცხადებით, წელს სარეაბილიტაციო სამუშაო 527 საჯარო სკოლაში განხორციელდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემას და წელს 140 ათასი მოსწავლე I-იდან XII კლასის ჩათვლით სახელმწიფოსგან საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს. "სახელმძღვანელოები გადაეცემათ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს, იმ ოჯახების მოსწავლეებს, საიდანაც ერთდროულად სამი ან მეტი ბავშვი სწავლობს სკოლაში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს. სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე მილიონამდე წიგნი გაიცემა და ეს სახელმძღვანელოები მათ 17 სექტემბერს სკოლაში დახვდებათ", - აღნიშნა მინისტრმა.
უმაღლესი სასწავლებლები სწავლის დაწყებას თავად წყვეტენ, თუმცა სასწავლო პროცესი უნდა დაიწყოს არა უგვიანეს პირველი ოქტომბრისა. იგივე ეხებათ საბავშვო ბაღებსაც, რომლებიც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არიან.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, 2012/2013 სასწავლო წლის პირველი სემესტრი უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის (პროფესიული უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), სწავლების ყველა წლის სტუდენტებისთვის იწყება 2012 წლის 17 სექტემბერს (იხ. ბრძანება #106, 31.08.2012წ.). |
|