|
14-10-2012, 20:52
დღეს, 14 ოქტომბერს, მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.პატრიარქმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა და ისურვა, სვეტიცხოვლის მადლი და უფლის კვართი ფარავდეს მთელს ქვეყანას. როგორც ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, ამ წმინდა ტაძარში ქართველი მეფეები და პატრიარქები ცრემლით ლოცულობდნენ.
"დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს და აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ჩვენ გვჭირდება სულიერი ძალა, სიყვარული, სასოება, იმედი ღვთისა, ადამიანისა და მომავლისა. მრავალჯერ ყოფილა საქართველო განსაცდელში და უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უხსნია ამ განსაცდელისგან. არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელისა, უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელს უფალი მას უგზავნის, ვინც უყვარს და საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც უფალმა განსაკუთრებული მადლი მიანიჭა. რომელი ქვეყანაა ისეთი, რომ ამდენი სიწმინდე ჰქონდეს. აქ არის წმინდა ნაწილები, რომელიც ეკუთვნოდა წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს. როცა ჩვენი მეფეები და დიდებულნი საზღვარგარეთ მიდიოდნენ, მიჰქონდათ წმინდა ნაწილები, იმიტომ, რომ გრძნობდნენ მათ შემწეობასა და წყალობას. დღესაც ამბობენ უცხოელები, რომ განსაკუთრებით იზრდება სარწმუნოება საქართველოში. ეს არ არის დამოკიდებული არც ჩემზე, არც წმინდა სინოდზე – უფალი მეფობს. უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოგვიწოდებს, რათა ვიყოთ სამწყსო უფლისა და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა მრევლს და სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დიდებული დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა და მრევლთან ერთად თქვა ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე", რომელმაც, უწმინდესის განმარტებით, ქართველი ხალხი მონღოლების შემოსევისას გადაარჩინა. "ღვთის მადლით და წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, გიხაროდენ ორსავე სოფელსა შინა", - მიმართა მრევლს უწმინდესმა.
მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული არის ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში, რომელიც იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლობა დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად "კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა". ამ დღეს აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.
ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოვიდა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოჭრეს ხუროებმა, მისგან დაამზადეს შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღმართეს. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღიმართა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.
ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები. |
|