საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ~არასტანდარტული ამოცანების ამოხსნის ალგორითმული და პროგრამული მეთოდების შემსწავლის ცენტრის~ მოსწავლეებმა უკრაინაში, ხარკოვში გამართულ შეჯიბრებაში წარმატებას მიაღწიეს.
15-25 თებერვალს ხარკოვში ჩატარდა საერთაშორისო საზამთრო სკოლა პროგრამირებაში. ამ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მიწვეული იყვნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ~არასტანდარტული ამოცანების ამოხსნის ალგორითმული და პროგრამული მეთოდების შემსწავლის ცენტრის~ მოსწავლეები: ბექა მოდრეკილაძე, ნიკოლოზ სვანიძე, ელენე მაჩაიძე და ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მოსკოვის, ლენინგრადის, უკრაინის, ბელარუსის, ბულგარეთის, ყაზახეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების გუნდები, სულ 76. ჩატარდა 9 ტური. “სტუ-ის ახალგაზრდულმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა ყოველდღიურ შეჯიბრებებში. დასაწყისში ჯგუფის წევრები ხშირად ლიდერობდენ კიდეც. ორ ტურში გუნდმა მე-4 და მე-7 ადგილებიც აიღო, საბოლოოდ, მე-12 ადგილზე გავიდა რეიტინგის გათვალისწინებით. ურეიტინგოდ ე. ი. მოპოვებული ქულებით კი - მე-8 ადგილზე”, - აცხადებს ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე.
“გავიხსენებდი ორ კურიოზულ ფაქტს: შეჯიბრების პირველ დღეს გამონაკლისის სახით ჩვენი გუნდის კომპიუტერში არ იყო ჩართული C++, რომელზედაც ჩვენს გუნდს უნდა დაეწერა პროგრამები. გუნდის წევრის, ნიკოლოზ სვანიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მოახერხა პასკალი ენის გახსენება და მის მეშვეობით დააღწია მარცხს თავი. ბექა მოდრეკილაძემ კი ქუჩაში წაიკითხა აფიშა, რომ ტარდებოდა ხარკოვის ოლქის ღია პირველობა რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი). მკითხა, შეიძლებოდა თუ არა მონაწილეობის მიღება. როდესაც მისგან მოვისმინე, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობა არ გაუჭირდებოდა, არ დავწყვიტე გული და ხელი შევუწყვე. 23 თებერვალს დამთავრდა შეჯიბრება პროგრამირებაში და ამის შემდეგ მივიღეთ მონაწილეობა აღნიშნულ ტურნირში. ბექამ სამი პარტია ჩაატარა და საერთაშორისო ოსტატს, რომელმაც სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა - ვლადიმერ ელჟანოვს - პარტია მოუგო. ტურნირი გრძელდებოდა მეორე დღესაც, მაგრამ ვინაიდან ჩვენთვის გადამწყვეტი ბრძოლა იყო ბოლო დღეს პროგრამირებაში, უარი ვთქვით ჭადრაკის ტურში მონაწილეობაზე (გვქონდა შანსი, რომ პრიზი მოგვეპოვებინა, მაგრამ ვერ ვუღალატეთ ჩვენს ძირითად საქმეს)”, - აცხადებს გიორგი დიასამიძე.
უნდა აღინიშნოს, რომ სტუ-სთან არსებული გუნდი, საქართველოს სხვა გუნდებისგან განსხვავებით, სკოლის მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული და არა სტუდენტებით. მიუხედავად, ასეთი კონკურენტული გარემოსი, მან საქართველოს გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.