|
4-04-2013, 13:57
ინვესტიცია კაპიტალის მოთავსების ხერხია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კაპიტალის ღირებულების შენარჩუნება ან გადიდება და მოიტანოს დადებითი სიდიდე.
საქართველოს მოქალაქეები, როგორც წესი ინვესტიციებში გულისხმობენ უცხოეთიდან, გარედან შემოსულ ინვესტიციებს. წინა ხელისუფლებაც სწორედ ამ პოლიტიკას ეწეოდა. ახალი მთავრობის ყველა ქმედება იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი მიდგომა ინვესტიციების მიმართ რადიკალურად შეიცვლება.
ისმება მარტივი კითხვა: ჩვენნაირი პატარა ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისათვის, რომელი უფრო მნიშვნელოვანია შიდა ადგილობრივი ინვესტიციები თუ გარედან შემოსული უცხოური ინვესტიციები? ჩვენი აზრით, რა თქმა უნდა, შიდა ინვესტიციები, რაც არ ნიშნავს უარი ვთქვათ გარედან შემოსულ ინვესტიციებზე. აქედან გამომდინარე მთავრობისათვის ეს საქმიანობა უნდა გახდეს, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ამასთან, შესამუშავებელია სტრატეგია ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკაში ეროვნული ინტერესების დამცველად მოგვევლინება. თუნდაც ის ფაქტი, რომ ახალი მთავრობა რეალურად შეუდგა ინვესტირებას, ნიშნავს დიდ ქართულ გამარჯვებას.
არსებობს თუ არა საქართველოში ინვესტირების შიგა წყაროები? რა თქმა უნდა, ინვესტირების შიგა წყაროების რეალური რესურსი არსებობს.
ერთ-ერთი მთავარი წყარო შიგა ინვესტირებისა არის დანაზოგების შექმნა. დანაზოგებისადმი გარკვეული მიდგომას განაპირობებს საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პირობების ერთობლიობა. ისინი განსაზღვრავენ დანაზოგების საერთო რაოდენობას.
საზოგადოების დანაზოგების დონის განმსაზღვრელი და მნიშვნელოვანი ფაქტორია დანაზოგების უსაფრთხოების გარანტიები, საზოგადოების წევრები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი დანაზოგების გამოყენება შეიძლება უსაფრთხოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ეცდებიან მთელი დანაზოგები გახარჯონ ყოველდღიური მოხმარებისათვის.
დანაზოგები და ინვესტიციები ურთიერთდაკავშირებული კატეგორიებია. დანაზოგები პოტენციური ინვესტიციებია. პრაქტიკულად ყველა დანაზოგი გადაიქცევა ინვესტიციად, თუ ამისათვის შესაბამის ეკონომიკურ და სამართლებრივ გარემოს შევქმნით.
საქართველო, ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, მაგალითად: სინგაპურს, აზერბაიჯანს, რუსეთს, სომხეთს და ასე შემდეგ. ქვეყნის მთლიანი დანაზოგი გაიანგარიშება, როგორც მთლიან ეროვნულ შემოსავალს გამოკლებული საერთო მოხმარება და წმინდა გადარიცხვები. საქართველოში ამჟამად ეროვნული დანაზოგების მოცულობა უარყოფითია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე გამოიმუშავებს, ეროვნული დანაზოგების კლება დაიწყო 2003 წლიდან და პირველად გაიზარდა 2010 წელს, ისიც ძალიან უმნიშვნელოდ.
დანაზოგები არის შიდა ინვესტიციებისა და, ზოგადად, ეკონომიკის განვითარების წყარო. ფაქტია, რომ საქართველოში შიდა ინვესტირების რესურსი არა გვაქვს, აქცენტი გადატანილია გარე ინვესტიციებზე და პრაქტიკულად არ არის ქვეყანაში იმის რესურსი, რომ მოხდეს საკუთარ ქონებაში ინვესტირება. ეს არის დღეს ქართულ ეკონომიკაში ყველაზე დიდი პრობლემა. დაბალი დანაზოგები ეს არ არის მიზეზი, ეს არის შედეგი წინა ხელისუფლების სერიოზული შეცდომებისა.
საქართველოს მოქალაქეების აზროვნებაში, სამწუხაროდ წაიშალა იმის განცდა, რომ ინვესტირება ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი და, რომ ის შედეგს მოიტანს და ეკონომიკურად იქნება გამართლებული, რადგანაც დასახვეწია საგადასახადო კანონები, სასამართლო უნდა გახდეს დამოუკიდებელი, უნდა არსებობდეს წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზარი და მრავალი სხვა. ერთი სიტყვით უნდა შეიქმნას ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო.
დასამალი არ არის, რომ სამართალმცოდნეობის დონე სოფლის მოსახლეობაში ინვესტიციებთან დაკავშირებით ძალზე დაბალი ან საერთოდ არ არსებობს. სწორედ სათანადო იურიდიული ცოდნის არ ქონამ განაპირობა მთელ რიგ ქვეყნებში მათ შორის თავის დროზე საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში და სხვაგან სახელმწიფოს მიერ მილიარდობით დოლარის სოფლის მეურნეობის აღორძინების მიზნით გაღებული თანხების არაეფექტური, არამიზნობრივი და ზოგ შემთხვევაში დანაშაულობრივი ხარჯვა.
ჩვენი აზრით ამ საქმის სწორად წარმართვაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლია სტუდენტებს.
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში გაჩნდა ინვესტიციების შემოსვლის ახალი შესაძლებლობები. ქართული ოცნების წინა საარჩევნო პროგრამაში ნათქვამი იყო, რომ სოფლის მეურნეობაში ეტაპობრივად ჩაიდებოდა 1 მილიარდი დოლარი, მაგრამ არის თუ არა საზოგადოება მზად ინვესტიციების მისაღებად?
ერთ მაგალითს მოვიყვანთ. კახეთში, დარიგებულმა კომპენსაციებმა და მისმა არამიზნობრივად გამოყენებამ დაამტკიცა, რომ საზოგადოება ასეთი საქმიანობისთვის მზად არაა. როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება, მოწესრიგება? ხომ არ იქნება მიზანშეწონილი ამ საქმიანობაში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების კრეატიული და მიზნობრივი ჩართვა?
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს 17 ათასი სტუდენტი (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი).
მიგვაჩნია, რომ სპეციალურად უნდა მომზადდეს სტუდენტური ტრენინგჯგუფები, რომლებიც გაიგზავნებიან რაიონებში და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რაიონებში შექმნილ ,,საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრებთან" ერთად ჩაატარებენ ტრენინგებს ინვესტიციების მიღების, მათი მიზნობრივად გამოყენების, საკანონმდებლო ბაზის და სამართლებრივი რეგულაციების და წინა პროცედურების მომზადების მიმართულებით. ამასთან დაეხმარებიან მათთვის სასურველი კონკრეტული საქმიანობიდან გამომდინარე ბიზნეს-გეგმის შედგენაში.
ამ საქმიანობაში ძირითადად ჩაბმული იქნებიან ახალგაზრდა მეცნიერები, მომავალი ეკონომისტები, იურისტები, ასევე შესაბამისი საინჟინრო სპეციალობების, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სტუდენტები.
რა წინაპირობები არსებობს ამისათვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში?
სტუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა "ეკონომიკური განვითარებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი". აღნიშნული ცენტრი დაკომპლექტებულია ცნობილი მეცნიერ-ეკონომისტებისა და იურისტებისაგან, რომელსაც ამ მიმართულებით აქვთ სათანადო გამოცდილება. ცენტრში ფუნქციონირებს ტრენინგსექტორი, მაგრამ ცენტრს ასეთი საქმიანობისათვის არ გააჩნია სახსრები და იგი თვითდაფინანსების პრინციპითაა შექმნილი.
პრემიერ-მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს საპარტნიორო ფონდის ბაზაზე ჩამოყალიბდება სამი ფონდი: 1) საქართელოს სუვერენული ფონდი; 2) კერძო საინვესტიციო ფონდი; 3) საქართველოს ახალგაზრდული ფონდი.
სწორედ მესამე ფონდია საქართველოს ახალგაზრდული ფონდი, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერების ინოვაციურ პროექტებს დააფინანსებს, მისი მეშვეობით უნდა მოხდეს აღნიშნული საქმიანობის დაფინანსება. ვფიქრობთ, სტუ-ში დაფუძნებულ ცენტრს ყველა პირობა აქვს ამ ფონდთან თანამშრომლობისათვის.
დარწმუნებულნი ვართ, სტუდენტთა ამ საქმიანობაში ჩართვა შედეგის მომტანი იქნება.
სტუდენტები მიიღებენ გამოცდილებას საზოგადოებასთან საქმიანი კომუნიკაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების მიმართულებით. ხოლო უნივერსიტეტი მათ ამ საქმიანობას როგორც საწარმოო პრაქტიკას ისე ჩაუთვლის. მათი საქმიანობის პროცესი გაკონტროლდება უმაღლესი სასწავლებლის და რაიონების თვითმმართველობების მიერ. შესრულებული სამუშაოს შესახებ სტუდენტები ვალდებული იქნებიან თავიანთი საქმიანობა წერილობითი სახით შეაჯამონ და წარმოადგინონ საწარმოო პრაქტიკის გავლის დასადასტურებლად.
ასევე უნდა გავიზიაროთ აზიის წამყვანი ქვეყნების (ჩინეთი, სინგაპური, ჰონკონგი, ტაილანდი) უნივერსიტეტების მრავალწლიანი გამოცდილება ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ეს უნივერსიტეტები ამზადებენ 3-5 კაცისაგან შემდგარ ჯგუფებს და აგზავნიან საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში ინვესტიციების მოსაზიდად. პირველ რიგში კანდიდატებს თავიანთ თანამემამულეებში ეძებენ. საბედნიეროდ, ასეთი თანამემამულეები, რომელთა ინტერესში შედის ინვესტიციების ჩადება სამშობლოში, ბევრი გვყავს, უბრალოდ მათთან სწორედ ამ ტიპის მუშაობაა საჭირო.
კიდევ ერთი: სტუ-ს რექტორის ბატონ არჩილ ფრანგიშვილის ხელშეწყობით შეძენილ იქნა უცხო ენების შემსწავლელი კომპიუტერული პროგრამა "თელ მი მორ", რომელიც 7 უცხო ენის შესწავლაზეა გათვლილი. მისი მეშვეობით შესაძლებელია სტუდენტების მომზადება სხვადასხვა ენაში. აქ შეიძლება გამოყენებულ იქნან ის სტუდენტები, რომლებიც რეგიონებში შესაბამის საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ექნებათ პრაქტიკული გამოცდილება. ვფიქრობთ, საქართველოს ახალგაზრდული ფონდი გაითვალისწინებს ჩვენს წინადადებებს და გამოთქვამს სურვილს თანამშრომლობის შესახებ, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს რამდენიმე ამოცანის ერთდროულად გადაწყვეტას.
ა. სიჭინავა, სრული პროფესორი ჯ. გახოკიძე, სრული პროფესორი
გაზეთი "რეზონანსი", 30 მარტი |
|