|
22-05-2013, 19:43
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის ერთიანი ავტომატიზებული სისტემის“ განხორციელების მიზნით, აცხადებს საუნივერსიტეტო კონკურსს საკვლევ-გამოყენებით ნომინაციაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის და საკონკურსო განაცხადებს (პროექტებს)საკონკურსო კომისია 2013 წლის 27 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით, ყოველდღე მიიღებს (დასვენებისა და უქმე დღეების გარდა), 10:00-იდან 15:00 საათამდე. კონკურსი ჩატარდება 2013 წლის 30 ივნისამდე. საკონკურსო კომისია კონკურსის შედეგებს გამოაქვეყნებს 2013 წლის 25 ივნისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge.
კონკურსში გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელთან ხელშეკრულება გაფორმდება 2013 წლის 1-ლი ივლისიდან. კონკურსის ძირითადი მოთხოვნა, “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის ერთიანი ავტომატიზებული სისტემა“ წარმოადგენს ინფორმაციულ-ანალიტიკურ სისტემას უნივერსიტეტის ორგანიზაციული, სასწავლო, სამეცნიერო და სხვა პროცესების მართვისათვის. იგი საშუალებას უნდა იძლეოდეს, სისტემური მიდგომით კომპლექსურად გადაწყდეს უნივერსიტეტის წინაშე მდგარი ოპერატიული და გრძელვადიანი ამოცანები. ავტომატიზაციის გზით მართვის სფეროში უნდა მოექცეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ყველა საკითხი.
სისტემის დანერგვის შედეგად, ამაღლდება უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების წარმართვაში ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების დაცვის დონე; გამარტივდება და გამჭვირვალე გახდება ორგანიზაციულ, ფინანსურ, სასწავლო და სამეცნიერო პროცესებთან დაკავშირებული საკითხები; გამარტივდება და სრულყოფილი გახდება მართვითი საკითხები; შემცირდება მატერიალური დანახარჯი.
საკონკურსო განაცხადი (პროექტი) უნდა მოიცავდეს კონკურსანტის გამოცდილებას, შესრულებული პროექტების ანოტაციებს; სისტემის აგების და ფუნქციონირების კონცეფციას; სისტემის საშუალებით გადასაჭრელი საკითხების ფორმალიზების (ამოცანების ჩამოყალიბების) გეგმას; ამოცანის გადაჭრის რეალურ და დასაბუთებულ კალენდარულ გეგმას.
სისტემა უნდა ამოქმედდეს ეტაპობრივად და სრულად უნდა დამთავრდეს 18 თვეში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2013 წლის 08 მაისის #85 ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია (მისამართი: 0175, თბილისი, კოსტავას ქ.#77, სტუ, ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი #341. ტელ. 236 54 50). |
|