საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მთავარ სააქტო დარბაზში გაიმართა “ერაზმუს მუნდუსის” 2012-2013 სასწავლო წლის გაცვლით პროგრამებში გამარჯვებულ სტუდენტებთან საზეიმო შეხვედრა – Pre-Departure Orientation -PDO. ღონისძიებაში მონაწილობდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე ოლივერ რაისნერი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, Erasmus Student Network-ის ადგილობრივი სექციის (ESN Tbilisi ISU) პრეზიდენტი ბექა ბერიაშვილი, Erasmus Mundus Students and Alumni Association-ის ევრაზიული განყოფილების პრეზიდენტი კატერინა შალაევა და სხვები.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია Erasmus Student Network-ი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტის მხარდამჭერი – Tempus-ის ეროვნული ოფისი, ასევე Erasmus Mundus Alumni Association-ი და პროექტის პარტნიორი თერთმეტი ქართული უნივერსიტეტი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა “ერაზმუს მუნდუსის” პროგრამის მნიშვნელობას საქართველოსთვის. სხვადასხვა პროექტში გამარჯვებულებს კი წარმატება მიულოცეს. სტუდენტებმა მიიღეს საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია “ერაზმუს მუნდუსის” პროექტის ფარგლებში სწავლასთან დაკავშირებით. სტუდენტებისთვის მოეწყო პრეზენტაციები “ერაზმუს მუნდუსის”, ერაზმუსის სტუდენტური ქსელისა და “ერაზმუს მუნდუსის” სტუდენტებისა და ალუმნის ასოციაციის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ვიდეოჩართვა ერაზმუსის სტუდენტური ქსელის საერთაშორისო პრეზიდენტთან, ემანუელ ალფანსედერთან. ღონისძიების დასასრულს პროფესორმა ირის შნაიდერმა ჩაატარა ტრენინგი კულტურული განსხვავებების შესახებ.