|
9-01-2010, 00:04
კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში აღმოჩენილი 2 ნახატი, შესაძლოა, ნიკო ფიროსმანს ეკუთვნოდეს. ნამუშევრები საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის კედელზეა შესრულებული. ერთ-ერთ სურათზე ორთქლმავალია დახატული, ხოლო მეორეზე _ საწნახელი წარწერით “შენ გვაცხონე, მარანო". ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ. როგორც ველისციხის გამგებელმა ნუკრი ბახლიშვილმა განაცხადა, 80-იანი წლების დასაწყისში ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ნამუშევრების ავტორი ნიკო ფიროსმანაშვილია. ხელოვნებათმცოდნეების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ნახატები ფიროსმანს არ ეკუთვნის, თუმცა ნამუშევრებში მხატვრის აშკარა გავლენა შეიმჩნევა. “ოთახში, რომლის კედელზედაც სურათებია, მე-20 საუკუნის დასაწყისში დუქანი იყო. გადმოცემით, წლების წინ სახლთან ახლოს ბაზარი ყოფილა”, - აღნიშნავს სახლის მეპატრონე თენგიზ გაბიტაშვილი. |
|