საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში შექმნილი “ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიურო” გაიხსნა (კოსტავას გამზ. #75, სტუ-ის მე-8 კორპუსი, ოთახი 405).
შეხვედრა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა ოთარ ზუმბურიძემ.
ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიუროს მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროკავშირის წრმომადგენლობის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, დელეგაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბორის იაროშევიჩმა. მისი განცხადებით, საკონსულტაციო ბიურო სწორედ რომ დროულად იხსნება, ვინაიდან ევროკავშირის ენერგეტიკული საზოგადოების ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია, დააკმაყოფილოს არსებული სტანდარტები. “ევროკავშირისთვის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროები პრიორიტეტულია და ამ მხრივ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება მოგვიწევს. მოხარული ვარ, რომ ეს საქმიანობა იშლება ტემპუსისა და სტუ-ის ერთობლივი მუშაობით, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ევროკავშირი განათლების სფეროშიც დიდ დაფინანსებას დებს”, – განაცხადა მან.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიუროს გახსნა ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის ათვისების საქმეს. მან დასძინა, რომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე ევროკავშირს მყარი პოზიცია აქვს და საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია.
პროექტ “რეგენლოს’’ ილიას უნივერსიტეტის კოორდინატორმა ი. აღაპიშვილმა პროექტში ილიაუნის ჩართულობასა და როლზე ისაუბრა. ამ პროექტის ფარგლებში სტუ კოლაბორაციშია ილიას უნივერსიტეტთან – სამართლებრივ მხარეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უზრუნველყოფს.
ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიუროს უფროსმა მაკა გუდიაშვილმა ბიუროს პრეზენტაცია წარმოადგინა დაგანაცხადა, რომ ტემპუსის პროექტის ფარგლებში ბიურო წიგნებით, ტექნიკითა და სხვა საჭირო მასალით აღიჭურვა. “მომზადებული პროგრამები, სილაბუსები და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელოებზე”, – გააცხადა მაკა გუდიაშვილმა.
საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ ისაუბრა ენერგეტიკის, როგორც დარგის, მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის ცხოვრებაში, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროების სამართლებრივ უზრუნველყოფაზე და აღნიშნა, რომ საჭიროა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ენერგეტიკის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის მინიმიზებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციას. “ბიუროს ამ კუთხით განსაკუთრებული დატვირთვა ექნება. აუცილებელია გამოცდილების გაზიარება ევროპული სტანდარტების სფეროში, საბაზრო ეკონომიკის შესაბამისად პროგრამების შედგენა – ესაა აღნიშნული ბიუროს მიზანი”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სასურველია, ეკოლოგიური ანქციების პარალელურად, ეკოლოგიურ წახალისებაზედაც იყოს საუბარი, ანუ წახალისდეს ის, ვინც გარემოს დაბინძურებას მინიმუმამდე დაიყვანს.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ “ალმა მატერის“ ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორმა დავით სიხარულიძემ აღნიშნა, რომ მათ უნივერსიტეტში ორი წლის წინ USAID-ის დაფინანსებითა და ხელშეწყობით შეიქმნა ენერგომენეჯმენტის პროგრამა, რომელსაც ახლა 20 სტუდენტი ეუფლება. “მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ახლად ჩამოყალიბებულ ბიუროსთან”, – განაცხადა სიხარულიძემ.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების დეპარტამენტის უფროსმა მარიკა არაბიძემ რამდენიმე პროექტის პრეზენტაცია გამართა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ხდება და ეს წევრობა ნიშნავს, რომ ევროკავშირის რეგულაციების დირექტივებთან შესაბამისობა უნდა არსებობდეს. “საქართველოში ჯერ კიდევ არის 80 სოფელი, რომელსაც ელექტროენერგია არა აქვს. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ჩართულობით, ხორციელდება პროექტები, რომლებიც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების საქმის განვითარებას უწყობს ხელს”, – განაცხადა მან.
წარმოდგენილი იყო სხვა პრეზენტაციებიც თემაზე “ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: სინერგიის ძიებაში“ (Trends in Energy & Environment in Georgian & EU: searching synergies). გაიმართა დისკუსია.
ბოლოს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიუროს დამკვირვებელი, ჟირონას უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჯ. ვილა შემაჯამებელი ანგარიშით წარდგა საზოგადოების წინაშე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, TEMPUS -ის პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა “ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიურო”, რომლის მიზანია ევროპულ უნივერსიტეტებთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრეების თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტების განხილვა, სტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება და სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ტექნიკური და ეკონომიკური სახის ინფორმაციისა და მონაცემების ურთიერთგაცვლა; პროფესიული კონსულტაციების ჩატარება ენერგეტიკის სფეროში, ნახშირორჟანგის ემისიებზე, განახლებად და მწვანე ენერგიებზე, ენერგოპროექტებზე; ენერგოკონტრაქტების ანალიზი, საკანონმდებლო და მარეგულირებელი რჩევები, საქართველოში გარემოს დაცვის სამართლის, როგორც სამართლის დარგის განვითარება; საზოგადოებაში გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლება და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება (ბიუროს ვებგვერდი: www.eelcb.com). ბიუროს უფროსია მაკა გუდიაშვილი (მობ: + 995 591 62 79 89; E-mail: makagudiashvili@yahoo.com).