სტუ-ის 2014 წლის ჩემპიონი პროგრამირებაში ნოდარ დარჩიაშვილი გახდა. 1-ელ ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ზედა კომპიუტერულ კლასში ჩატარდა პროგრამირებაში 2014 წლის სტუ-ს პირადი პირველობა, რომელიც მიეძღვნა პროფესორ იუზა ვერულავას ხსოვნას. შეჯიბრება ჩატარდა იმავე წესებით, რა წესებითაც ტარდება უმაღლეს სასწავლებელთა შორის სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონატები, ანუ მონაწილეს ამოცანა შესრულებულად ეთვლება მხოლოდ მაშინ, თუ მის მიერ დაწერილი პროგრამა წარმატებულად გაივლის ყველა შეთავაზებულ ტესტს.
წელს სტუ-ის პირველობაში მონაწილეობა მიიღო 67-მა სტუდენტმა, ანუ გაცილებით მეტმა, ვიდრე შარშან (შარშან სულ 23 მონაწილე იყო). თითოეულ მათგანს შესასრულებლად გადაეცა 10-ამოცანიანი პაკეტი. საშეჯიბრო სისტემის სიმკაცრის გამო (რაც ზემოთ იქნა აღნიშნული), არანულოვანი შედეგი აჩვენა მხოლოდ 16-მა სტუდენტმა. ყველაზე ადრე პირველი ამოცანა შეჯიბრების 29-ე წუთზე ჩააბარა ლევან ზედელაშვილმა, რომელიც ლიდერობდა თითქმის მეორე საათის დასრულებამდე. მეორე საათის ბოლოს კი ლიდერობა ჩაიგდო ხელში ნოდარ დარჩიაშვილმა და შეჯიბრების ბოლომდე ეს პიზოცია ხელიდან არ გაუშვია.
საბოლოოდ, სტუ-ის 2014 წლის ჩემპიონი პროგრამირებაში გახდა ნოდარ დარჩიაშვილი 4 ჩაბარებული ამოცანით, სამი ამოცანით მეორე ადგილზე გავიდა უშანგი მიქელაძე, ხოლო 2-2 ამოცანით, შესაბამისად მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს შარშანდელმა გამარჯვებულმა, გიორგი დარჩიაშვილმა და დავით სირბილაძემ.
“მონაწილეთა შორის ძალიან სასიამოვნოა მთელი რიგი ახალი საინტერესო სახეების გამოჩენა. მონდომების შემთხვევაში, ეს ახალგაზრდები ახლო მომავალში ანგარიშგასაწევ ძალად გადაიქეცვიან და შეძლებენ წარმატებულად გამოვიდნენ პროგრამირების რესპუბლიკურ და საერთაშორისო ოლიმპიადებში”, – აცხადებს ღონისძიების ორგანიზატორი თეოდორე (თემურ) ზარქუა.
პროგრამირებაში სტუ-ის პირადი პირველობის ჩატარების მიზნით შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტს თავმჯდომარეობას უწევდა აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, ჟიურის თავმჯდომარე – პროფესორი ჰამლეტ მელაძე, ტექნიკურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა პროფესორი ზურაბ წვერაიძე, ღონისძიების დირექტორი კი იყო თეოდორე ზარქუა.
პროგრამირებაში სტუ-ის პირად პირველობას ჰყავდა 2 მხარდამჭერი ორგანიზაცია – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე) და პროგრამირების მხარაჭერის ასოციაცია.
თემურ ზარქუას განცხადებით, ოლიმპიადა ძალიან მწყობრად და მოწესრიგებულად ჩატარდა. “ფაქტობრივად, ოლიმპიადის მსვლელობის დროს არ ჰქონია ადგილი არც ერთ ორგანიზაციულ ყოვნს და ტექნიკურ მტყუნებას. ყოველივე ამას ხელი შეუწყო არა მარტო საორგანიზაციო კომიტეტის დაწყობილმა მუშაობამ, არამედ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფმა (ალექსანდრე ნოზაძე, ნათია ბოსტოღანაშვილი, მარიამ რიგიშვილი), რომლებმაც აიღეს თავიანთ თავზე ოლიმპიადის მიმდინარეობის პროცესის ზედამხედველობა და მონაწილეთა მომსახურება. შეგახსენებთ: სტუ-სა და ქართულ უნივერსიტეტს შორის დადებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა ეს აქტივობა კარგად შეესაბამება ამ მემორანდუმის სულისკვეთებას”, – აღნიშნ მან და დასძინა:
“ბოლოს, აუცილებლად მიმაჩნია აღინიშნოს ოლიმპიადის მიძღვნის სასიკეთო აღმზრდელობითი მნიშვნელობა. პროფესორ იუზა ვერულავას ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის სტუ-ის რამდენიმე მიმართულების განვითარების და, საზოგადოდ, ახალგაზრდა თაობის განსაწვლულობის ხელშეწყობის ეროვნული მნიშვნელობის საქმეში. ასე რომ, იუზა ვერულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამომავლოდ სასიკეთო შედეგების მიღებაზეა ორიენტირებული. შემდგომი წარმატებები ვუსურვოთ ამ ოლიმპიადის მონაწილეებს”.