19-20 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ლიბერალურ მეცნიერებატა დეპარტამენტი და ევროინტეგრაციული პროცესების შემსწავლელი ცენტრი ატარებს საერთაშორისო სიმპოზიუმს “პირველი მსოფლიო ომი და სამხრეთ კავკასია”. ღონისძიება რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ქუთათელაძე, აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე.
სიმპოზიუმში მონაწილეობენ ოლივერ რაიზნერი (ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში), გაბრიელე ბრაგანტინი (თეოლოგიის დოქტორი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი – იტალია), ჰარუთიუნ ალექსანიანი (ისტორიის დოქტორი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი), პიერ დიუმულენი (ლოზანის უნივერსიტეტის პროფეორი – საფრანგეთი), მაჩეი მამაი (კრაკოვის უნივერსიტეტის პროფესორი – პოლონეთი) და სხვები.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, სიმპოზუმის მიზანია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის საკითხების კვლევა როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყანაში, ასევე, ზოგადად, რეგიონში; ქართულ-კავკასიური და ქართულ-ევროპული ურთიერთობების შესწავლა; ქართველ და კავკასიელ ევროპისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად ევროპელ კოლეგებთან.
სიპოზიუმის მოხსენებათა თემატიკა ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, გენდერი, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, და ა.შ.
“წელს სრულდება ასი წელი პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან. ამ ომმა უდიდესი ნგრევა მოუტანა კაცობრიობას. სწორედ პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიშალა ევროპული იმპერიები და მათ ადგილზე აღმოცენდა ეროვნული სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები. სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოების ჩამოყალიბების ისტორიის, მათი შემდგომი განვითარების, თანამედროვეობის აქტუალური პრობლემების გაშუქებასა და უკეთ წარმოჩენას ეძღვნება ეს სიმპოზიუმი“, – აცხადებენ ისინი.