საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა "ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯიას" მიერ ორგანიზებული ღონისძიება "ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია". მასში მონაწილეობა მიიღეს "მომავლის თაობა" პროგრამის ფარგლებში დაარსებული სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა (თბილისის სკოლების 200-მდე მოსწავლემ).
ღონისძიება ჩატარდა დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება / სუფთა ენერგიის პროგრამის ფარგლებში, ამერიკულ ორგანიზაცია "PH International"-თან თანამშრომლობით. ეს უკანასკნელი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს პროგრამას "მომავლის თაობა".
ღონისძიება მიეძღვნა საინფორმაციო სესიას "როგორ დავზოგოთ ენერგია". საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გია არაბიძემ ისაუბრა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ. შეხვედრაზე განხილული იქნა ენერგოეფექტურობის მნიშვნელობა, ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა ენერგიის დაზოგვასახლის პირობებში, ენერგოაუდიტი, განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა და კლიმატის ცვლილება.
დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამას განახორციელებს "ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯია", აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/USAID მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ენერგოეფექტური და სუფთა ენერგიის ღონისძიებების გატარებით კლიმატის ცვლილებების შერბილების ხელშეწყობას, აგრეთვე, ბუნებრივი სიმდიდრის უფრო რაციონალურ მართვასა და განვითარებას.