21 იანვარს სტუ-ში ტექნიკური უნივერსიტეტის ახლახან აღდგენილი ელექტრომექანიკური ლაბორატორია გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის - “ნათელი – თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” - წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა. მისი განცხადებით, “ნათელი – თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტს, რომლის მიზანია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა ოთარ ზუმბურიძემ პროექტის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა.
მისი განცხადებით, აუცილებელია, განათლების სისტემის განვითარებაზე პასუხისმგებლობა აიღოს საზოგადოებამ.
“საჭიროა სოციალური და კორპორატიული პასუხისმგებლოობის აღება. კომპანიების წარმომადგენლებმა, საზოგადოების წევრებმა განათლების სისტემის განვითარებაში წვლილი უნდა შეიტანონ. შოციალური და კორპორატიული პასუხისმგებლობა აუცილებელია განათლების სისტემის სრულყოფისთვის. ამის კარგი მაგალითია UშAID-ის მიერ გაწეული დახმარება”, _ განაცხადა მან.
მისი განცხადებით, განათლების სისტემაში სოციალური და კორპორატიული პასუხისმგებლობის მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტები, რომელთა ბიუჯეტები შემოწირულობების წყალობით, მილიარდებით ივსება.
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ფოკუსირებულია ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებაზე საცხოვრებელ სახლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების ენერგოაუდიტი. ჩატარებული ენერგოაუდიტების საფუძველზე უნივერსიტეტში განათებისა და გათბობის სისტემები განახლდა. შედეგად, ტექნიკური უნივერსიტეტი დაზოგავს წელიწადში 15,242 ლარს ენერგიაზე და მოიხმარს 102,366 კვტ.სთ-ით ნაკლებ ელექტროენერგიას. ახალ მოწყობილობასტან ერთად ტექნიკურმა უნივერსიტეტმა “ნათელის” პროექტისგან მიიღო სახელმღვანელო, რომლის საშუალებით, უნივერსიტეტი მომავალში თავად შეძლებს ენერგოაუდიტის ჩატარებას.
“ნათელი – თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი, რომლის მიზანია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში. ორწლიანი პროექტი 2009 წლის ოქტომბერში დაიწყო.
პროექტის მიზნობრივი ჯგუფები საქართველოში ენერგიის ენერგიის მსხვილი მომხმარებლები არიან. ესენია საავადმყოფოები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელთაც პროექტი ეხმარება ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებასა და ელექტროენერგიის გადასახადის შემცირებაში. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გარემოს დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობა. პარალელურად, პროექტი მხარს უჭერს ენერგოავტობუსის მუშაობას, რომელიც მოგზაურობს საქართველოს რეგიონებში და ადგილზე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
ბოლო 17 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის USAID-ის მეშვეობით 1,5 მილიარდ დოლარზე მეტით დაეხმარა საქართველოს. ამჟამად წლის განმავლობაში 40-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს. ეს პროექტები მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ტავისუფალ დემოკრატიაზე გადასვლის პროცესში, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სექტორების განვითარებას. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის USAID ასზე მეტ ქვეყანას უწევს ეკონომიკურსა და ჰუმანიტარულ დახმარებას.