|
11-03-2010, 02:42
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში usaid-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის winrock internacionale-ის პროექტის _ “თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” _ პრეზენტაცია გაიმართა. მათ თავიანთი საქმიანობა ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული სამუშაოს მაგალითზე წარმოადგინეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, აღნიშნული ფირმის წარმომადგენლები.
სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ გია არაბიძის განცხადებით, ეს არის ქვეკონტრაქტორი ფირმა winrock internacionale და პროექტს ჰქვია “თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა”.
“წლების განმავლობაში ამ ფირმასთან გვქონდა ურთიერთობა. მის მიზანს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა, დანერგვა და მოსახლეობის ფართო მასებისთვის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გაცნობა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საქმიანი და სამსახურეობრივი ურთიერთობები გვაქვს. მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს მაღალმთიანი რაიონის მოსახლეობისათვის თანამედროვე ენერგოეფექტური შეშის ღუმელების დამზადებისა და დამონტაჟების საქმეში. გასული წლის დეკემბერში დავდეთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნულ ფირმას დაევალა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ორ ობიექტზე ენერგოაუდიტის, ჩატარება, ენერგიის დაზოგვის საშუალებების გამოვლენა და ჩვენი თანამონაწილეობით პრობლემის მოგვარება. პირველ ობიექტად მე-4 კორპუსში მდებარე, ელექტრომექანიკის დეპარტამენტის 450 კვ.მ-იანი ფრიგელი ავირჩიეთ. შემდეგ ცოტა სხვაგვარად განვითარდა მოვლენები. სტუ-ის ადმინისტრაციასთან ერთად III-IV კორპუსების ენერგოაუდიტის ჩატარებაც გადაწყდა”, _ განაცხადა მან.
არაბიძის განცხადებით,U დაახლოებით 20 მარტისთვის გახდება ცნობილი, რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს და ამის შედეგად რამდენი თანხა დაიზოგება.
“საკითხი დგას შემდეგნაირად: ორი კორპუსის გათბობის თანხების დაახლოებით 70% გაიღებს უნივერსიტეტი, დანარჩენით კი ფირმა შემოვა თანადაფინანსების სახით. გარდა ამისა, 2011 წლისთვის ამ ფირმას ტექნიკურ უნივერსიტეტში კიდევ ორი ობიექტი აქვს გასაკეთებელი. სულ ექვსი ობიექტი ანუ ყოველწლიურად ორ-ორი. აღსანიშნვია, რომ სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტზე მომუშავე ჩვენმა ინჟინრებმა, winrock-თან ერთად უკვე წარმატებულად შეასრულეს ღუდუშაურის საავადმყოფოს აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო”, _ განაცხადა არაბიძემ. |
|