|
27-10-2015, 23:33
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, უწყების მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტით მეცნიერის სტატუსი მყარდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ განმარტებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონსა და თანმდევ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.
"სამწუხაროდ, აკადემიურ სივრცეში, "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში გვეწერა აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაციული პერსონალი, დამხმარე პერსონალი. თუ მეცნიერი უნივერსიტეტისთვის არის დამხმარე პერსონალი, ეს ცოტათი უკუღმართი უნდა იყოს. ამიტომ ეს უკუღმართობა სწორდება. წარმოდგენილი კანონპროექტით, მეცნიერს აღუდგება ის სტატუსი, რომელიც უნდა ჰქონდეს და ეკუთვნის. მას საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის ცხოვრებაში. მას ექნება საშუალება, გაზარდოს მეცნიერების მომავალი, მოიყვანოს დოქტორანტი, მაგისტრანტი და ის ბაკალავრიც კი, რომელიც დაინტერესებულია მომავალში მეცნიერი გახდეს", - განაცხადა შარვაშიძემ პარლამენტის სხდომაზე.
საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი ცვლილება არის ის, რომ მეცნიერს უფლება ექნება, მონაწილეობდეს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება. პროექტის მიხედვით, სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია) შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება შეიძლება დაფუძნდეს სსიპ - უნივერსიტეტთან. ipn.ge |
|