|
3-03-2010, 03:09
დღეს, 3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ეს დღე ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული. დედის დღე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დროს დაწესდა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი გორის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს შეხვდება, დედის დღეს მიულოცავს და თაიგულებს გადასცემს. შეხვედრაზე მოწვეულია 76 ქალი, რომელთაც ხუთი და მეტი შვილი ჰყავთ. შეხვედრის შემდეგ მათ გადაეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, რაც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის ბიუჯეტის სოციალური პროგრამების მუხლითაა გათვალისწინებული.
"საერთოდ, საქართველოს კანონმდებლობით მრავალშვილიან დედად ითვლება შვიდ- და მეტშვილიანი ქალი. გამგეობის კეთილი ნებიდან და ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დახმარება გაგვეცა ხუთ- და მეტშვილიან ოჯახებზე. აღნიშნული დახმარება შარშანდელი ბიუჯეტით, სამწუხაროდ, არ იყო გათვალისწინებული. წელს მოგვეცა საშუალება, რომ მრავალშვილიანი დედებისთვის ასეთი საჩუქარი გაგვეკეთებინა. იმ ქალბატონებს კი, რომლებსაც 2010 წელს შეეძინებათ მეხუთე შვილი, შეუძლიათ მოგვმართონ წლის ბოლომდე და შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი დახმარება", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა კობა ტლაშაძემ.
დედის დღის აღსანიშნავად მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართება ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში, სადაც მრავალშვილიან ქალებს დედის დღეს მიულოცავენ ჯანდაცვის სამინიტროს ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენლები და გადასცემენ მათ ერთჯერადი მომსახურების უფასო პაკეტებს, რომლითაც გორში მოქმედ პოლიკლინიკებში სხვადასხვა სფეროს ექიმთა მომსახურებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. |
|