|
11-04-2010, 01:17
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორ დავით გოგუაძის დოკუმენტური ფილმის, "ხომლი 2"-ის, პრემიერა გაიმართა.
როგორც ფილმის ავტორმა და რეჟისორმა დავით გოგუაძემ ჩვენთან საუბარში განაცხდა, სურათზე მომუშავე ჯგუფმა 2009 წელს მოიპოვა რუსთაველის ფონდის სამეცნიერო კვლევების გრანტი და მთელი წლის განმავლობაში აწყობდა ექსპედიციებს ფილმის მეორე ნაწილის გადასაღებად.
"შარშანდელი ექსპედიციების დროს საინტერესო მასალას მივაკვლიეთ. ფილმის მეორე ნაწილი, ძირითადად, კოლხებისა და ეგვიპტელების ურთიერთობას ეხება. არქეოლოგ მალხაზ ბარამიძის დახმარებით, მივაკვლიეთ მუზეუმებში დაცულ მასალას, რომელიც 1952 წელს რაჭაში ჩატარებული გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი. ესაა ეგვიპტური ნაკეთობები, რომელიც ბრილის განძის სახელითაა ცნობილი", _ განაცხადა გოგუაძემ ჩვენთან საუბარში.
ფილმის პირველი ნაწილი, "ხომლი", გვიამბობს არქეოლოგიური ექსპედიციის შესახებ, რომელიც 2007 წლის მაის-ოქტომბერში არქეოლოგ გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით ხვამლის კლდოვანი მასივისა და კლდეში არსებული ციხე-ქვაბულის შესასწავლად მოეწყო. ეს ციხე-ქვაბული შუა საუკუნეებში ქართველ მეფეთა განძთსაცავს წარმოადგენდა, ის "ქართლის ცხოვრებაშიც" არის მოხსენიებული. ფილმის ავტორთა აზრით, სწორედ ხვამლის კლდე არის ის ადგილი, სადაც უძველესი მითების მიხედვით პრომეთე იყო მიჯაჭვული და სადაც ოქროს საწმისი ინახებოდა.
ფილმს მიღებული აქვს ბათუმის მართლმადიდებლური ფილმების III საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრიზი - "ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის კინომატოგრაფიული კვლევისა და პოპულარიზაციისთვის" (2008). |
|