|
15-05-2010, 00:49
15 მაისს თბილისში გამართული ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა ფინალისტთა დაჯილდოებით დაიხურება.
საერთაშორისო კონკურსში, რომელიც საქართველოში ტარდება, 30-მდე ქვეყნის VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. მათ მიერ წარმოდგენილ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკის, ეკოლოგიის, აგრეთვე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროებში მომზადებულ პროექტებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს.
როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, ოლიმპიადის მიზანი იყო განსაკუთრებული ნიჭიერებით გამორჩეული მოსწავლეების გამოვლენა, მათი დაინტერესება კვლევითი და გამომგონებლობითი საქმიანობით; ნიჭიერ მოსწავლეთა მხარდაჭერა, რათა შეძლონ მეცნიერული იდეების პრაქტიკულად, თვალსაჩინო ნაშრომის (ხელსაწყოს ან პროექტის) სახით ახსნა და გადმოცემა; მოსწავლეებში საკუთარი თანატოლებისა და ზოგადად, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გაცნობიერებისა და გადაჭრის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; მოსწავლეთათვის ყოფითი ცხოვრებისა და მეცნიერების სხვადასხვა სფეროს კავშირის ახსნა.; მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება მეცნიერების სხვადასხვა დარგში.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, "ჩაღლარის" სასწავლო დაწესებულებები, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", ევროკავშირი-ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში და კომპანია "ჯეოსელი".
თბილისში, "შერატონ მეტეხი პალასში", ორდღიანი ოლიმპიადა 13 მაისს გაიხსნა. ghn.ge |
|