დღეს, 20 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ღვაწლმოსილ მუშაკს, ქეთევან ჟუჟუნაშვილს, 90 წელი შეუსრულდა. იუბილეთან დაკავშირებით მცირე სააქტო დარბაზში ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამო გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა. მან ისაუბრა ქეთევან ჟუჟუნაშვილს ხანგრძლივ მოღვაწეობაზე ტექნიკურ უნივერსიტეტში, მის დამსახურებაზე და ხაზი გაუსვა ქალბატონი ქეთევანის ფენომენალურ მეხსიერებას. რექტორმა იუბილარს დღევანდელი დღე მიულოცა და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: მერაბ თევზაძე, ბორის ბოქოლიშვილი, ოთარ ზუმბურიძე, ლევან კლიმიაშვილი, ნაზი კუციავა, გიორგი სალუქვაძე, ხათუნა ჩხიკვიშვილი, ზურაბ გასიტაშვილი და სხვები. ყველა მათგანმა ისაუბრა ქეთევან ჟუჟუნაშვილის დამსახურებაზე, მის გასაოცარ მეხსიერაბასა და საქმისადმი თავდადებულ დამოკიდებულებაზე.
ქალბატონ ქეთევანს დღევანდელი დღე მიულოცეს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
“ქეთო დეიდა, ამ პატარა მისალოც წერილში ძნელია ჩაატიო ყველაფერი, რასაც ჩვენ ვგრძნობთ თქვენ მიმართ. აგერ, უკვე ნახევარი საუკუნეა, ერთგულად და კეთილსინდისიერად ემსახურებით კადრების რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს. ყველას ახსოვს თქვენი ტკბილი სიტყვა, რჩევა და თანადგომა. ამ დროის განმავლობაში კადრების რამდენიმე თაობამ ვისწავლეთ თქვენგან საქმისადმი ერთგულება, ადამიანებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება. თქვენი გასაოცარი მეხსიერების პატრონს უნივერსიტეტში ახლაც “ცოცხალ ენციკლოპედიას” გეძახიან. დღეს დაბადებიდან 90 წელი შეგისრულდათ. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სიხარულს. ჩვენ კიდევ გვჭირდება თქვენი მეხსერება, გამოცდილება, სითბო და სიყვარული”, _ ნათქვამია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელთა მისალოც წერილში.