|
15-06-2010, 14:54
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იტალიური კონცერნის, “პედროლოს“ ხელმძღვანელი, ცნობილი იტალიელი ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე, გამომგონებელი, დიპლომატი და მეცენატი სილვანო პედროლო, მისი მოადგილე რობერტო რეჯანი და ცნობილი ჟურნალისტი ფრანკო რუფო ეწვივნენ.
იტალიელ სტუმრებს შეხვდნენ სტუ-ის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში არსებულ შეხვედრების ოთახში (ე. წ. meeting room-ში) სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევების ამსახველი ფილმის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგ სტუმრები ესაუბრნენ სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრებს, მეუფე ანანია ჯაფარიძეს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტისადმი გაწეული ღვაწლისთვის სილვანო პედროლოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. რექტორმა მას საზეიმო ვითარებაში გადასცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი და მედალი, აგრეთვე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამ ენაზე გამოცემული წიგნი _ სილვანო პედროლოს “წყალი – სიცოცხლის წყარო“.
მეუფე ანანია მიესალმა იტალიელ სტუმრებს. მან მოკლედ ისაუბრა საქართველო-იტალიის ისტორიულად ჩამოყალიბებულ სასულიერო ურთიერთობებზე და სტუმრებს საჩუქრად გადასცა მისი წიგნი: “საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“. შეხვედრის დასასრულს იტალიელი სტუმრები რექტორატის წარმომადგენლებთან ერთად თეატრ-სტუდია “მოდინახეში“ სტუ-ის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს დაესწრნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, სილვანო პედროლო განვითარებად ქვეყნებში მრავალი საგანმანათლებლო პროგრამის დამფინანსებელია.
“სილვანო პედროლო არის ვერონადან. ჩვენთან ურთიერთობა დაიწყო ერთი წლის წინ და სხვადასხვა პროექტი განახორციელა”, _ განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.
სილვანო პედროლომ თავისი სახელობის სტიპენდიით სტუ-ის სამშენებლო, ენერგეტიკის, ინფორმატიკისა და არქიტექტურის ფაკულტეტების ოთხი სტუდენტი დააჯილდოვა. მან სტიპენდიანტებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ სტუ-ში სტუმრობამდე სილვანო პედროლო ეწვია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს. გარდა ამისა, სტუმარმა დაათვალიერა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი.
|
|