|
16-06-2010, 02:25
16 ივნისს, 13:30 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის განხილვა გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა, გიორგი მთიულიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, სტუმრობას წინ უძღოდა უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის იურიდიული კლინიკის ინიციატივა.
“სტუმრობას წინ უძღოდა უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის იურიდიული კლინიკის ინიციატივა იმის შესახებ, რომ სტუმრებთან ერთად გაგვეხილა და გვემსჯელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თაობაზე, იმ სიახლეებზე, რომელსაც ახალი საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. სტუდენტების ინიციატივით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლების სხვდასხვა სფეროს წარმომადგენლებთან რეგულარულად იმართება. დღეისთვის იგი სისხლის სამართლის პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად მოიაზრება და მის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მომავალი სამართალმცოდნეებში”, _ განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა.
მთიულიშვილის ინფორმაციით, განხილვას დაესწრებიან სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული სტუმრები: მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე, თბილისის პროკურორის მოადგილე გირშელ ძებნიაური და შსს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ჩომახაშვილი.
“ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უკვე დიდი ხანია ჩვენთან, უნივერსიტეტში, განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კოდექსში შემოთავაზებულ სიახლეებს ძირითადად დადებითი შეფასება აქვს, არსებობს სხვა მოსაზრებებიც. სტუდენტებს აქვთ თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთზე, აქვთ კითხვები, კონკრეტული წინადადებები. სწორედ ამას ეძღვნება აღნიშნული შეხვედრაც, რაც შემდგომ დისკუსიის სახეს მიიღებს”, _ განაცხადა მთიულიშვილმა.
|
|