|
7-10-2009, 13:04
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აშშ-ში, ვისკონსინის შტატში, მედისონის უნივერსიტეტში გამართულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა. სემინარი _ ,,ენერგეტიკის ეკონომიკა, ტექნოლოგია და პოლიტიკა’’ _ USAID-მა (ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში) ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში განახორციელა.
სემინარი 26 ივლისს დაიწყო და 5 აგვისტოს დასრულდა. საქართველოდან, სტუ-ის გარდა, მასში მონაწილეობდნენ ს.ს თელასი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ელექტროსისტემის კომერციული ოპერატორი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია (სემეკი), ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისის ინტერნაციონალური ეკონომიკური სკოლა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა.
სემინარის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ მედისონის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას, მოისმინეს ლექციები სწავლისა და სწავლების მეთოდებზე უნივერსიტეტებში, ენერგეტიკული სისტემის მართვის საკითხებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ასპექტებზე, ასევე მოისმინეს ენერგეტიკული ფირმების მოსაზრებები ენერგოკომპანიების მართვის პრინციპებზე; დაათვალიერეს და გაეცნენ ქარის ელექტროსადგურების მუშაობის სისტემას.
ვიზიტის მიზანი იყო, დელეგაციის წევრები ვისკონსინის შტატისა და შუა დასავლეთის მაგალითზე გასცნობოდნენ აშშ-ში ენერეტიკულ პოლიტიკას და სტრუქტურას, ენერეტიკული ობიეტების მუშაობის თავისებურებებს, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პერსპექტივების დაგეგმვასა და ენერგოტექნოლოგიებს, ეკონომიკას _ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ენერგოკომპანიებისთვის, მედისონის უნივერსიტეტის სასწავლო სტრატეგიას სწავლების ყველა საფეხურზე, სასწავლო მასალასა და ბიბლიოთეკებს, ენერგეტიკულ ობიექტებსა და მათი მუშაობის თავისებურებებს.
სტუ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, გია არაბიძის განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქში ვიზიტის დროს, პირველ ყოვლისა, კოგენერაციული თბოელექტროცენტრალი დაათვალიერეს.
,,მართალია, სადგური იმ პერიოდში არ მუშაობდა, მაგრამ მომსახურე პერსონალის დახმარებით, სადგურის ტექნიკურ მონაცემებს გავეცანით. დავათვალიერეთ ორი 45 მგვტ სიმძლავრის გაზისა და ერთი 70 მგვტ სიმძლავრის ორთქლის ტურბინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცხრა ოპერატორიდან, რომლებიც სადგურს მართავენ, არც ერთს არა აქვს საბაკალავრო განათლება, მხოლოდ სასერთიფიკატო მომზადების კურსები აქვთ გავლილი. დავათვალიერეთ უნივერსიტეტის ძველი და ახალი კორპუსები _ სპორტული მოედნები, ბიბლოთეკა, ბოტანიკური ბაღი, სათბურები, სალექციო აუდიტორიები და საინჟინრო ლაბორატორიები”, _ აღნიშნა გია არაბიძემ.
დელეგაციის წევრებმა დათვალიერეს ვისკონსინის მედისონის უნივერსიტეტის ნელსონის ინსტიტუტი. ინსტიტუტი 1970 წელს დაფუძნდა და სახელი 2002 წელს ვისკონსინის ყოფილი მთავრობის ხელმძღვანელის, აშშ-ის სენატორ გეილორდ ნელსონის საპატივსაცემოდ გადაერქვა; ნელსონის ინსტიტუტი ვისკონსინის მედისონის უნივერსიტეტის ნაწილია, აქვს თავისი დამოუკიდებელი შენობები, სასწავლო ოთახები, ლაბორატორიები და დამხმარე ნაგებობები, 40 წლის განმავლობაში იკვლელს გარემოსდაცვით პრობლემებს; ინსტიტუტი მომხმარებელს სთავაზობს 100-ზე მეტ სასწავლო კურსს, აქედან რამდენიმეს დამოუკიდებლად და დანარჩენებს ვისკონსინის მედისონის უნივერსიტეტის სკოლებსა და კოლეჯში ერთად; სასწავლო კურსები ხელმისაწვდომია ბაკალავრებისა და მაგისტრებისთვის.
საბაკალავრო სერთიფიკატები შესაძლებლობას აძლევს ნელსონის ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს, გააფართოონ თავიანთი ცოდნის არეალი დისციპლინათშორისი კურსებით. ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტებს შეძლიათ მიიღონ მონაწილეობა გარემოს კვლევაში, შეისწავლონ პოლიტიკა, ლიტერატურა, ისტორია და ფილოსოფია და სხვა. ნელსონის ინსტიტუტის აღზრდილები ახორციელებენ პოზიტიურ ცვლილებებს როგორც მეცნიერებაში, ასევე მრეწველობაში. არიან ახალი მოთხოვნის მენეჯერები, პოლიტიკის შემქმნელები, მეწარმეები, მეცნიერები და გარემოს სპეციალისტები. ნელსონის ინსტიტუტის ხარისხი და სასერთიფიკატო პროგრამები აკადემიური ინტერესების დიდ მასშტაბებს აკმაყოფილებს.
სამაგისტრო ხარისხი ენიჭებათ რამდენიმე სპეციალობაში: 1.) ბიოლოგიური გარდაქმნები და მდგრადი განვითარება. ეს მიმართულება სტუდენტს აძლევს ცოდნას, ხარისხსა და გამოცდილებას ბიომრავალფეროვნებასა და მის მდგრად განვითარებაში. კურიკულუმები მოიცავს ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხებს; 2.) გარემო და რესურსები განსაზღვრულია იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის არეალის გაფართოება ბუნებრივი რესურსების შესახებ, სურთ მიიღონ განათლება გარემოს პრობლემებისადმი მიძღვნილი ტექნიკური, სოციალური და მენეჯმენტის ასპექტებით; 3.) წყლის რესურსების მენეჯმენტი ამზადებს სტუდენტს ბუნებრივი რესურსების კომპლექსურად მართვისთვის. ახალგაზრდები ღებულობენ ცოდნას ბიოლოგიასა და ფიზიკურ მეცნიერებებში, ინჟინერიაში, სამართალმცოდნეობასა და სოციალურ მეცნიერებებში.
სამაგისტრო სერტიფიკატები გაიცემა შემდეგი მიმართულებებით: 1.) ჰაერის რესურსების მენეჯმენტი. იგი მოიცავს კომპლექსურ განათლებას მეცნიერებაში, ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, ინჟინერიაში, ეკოლოგიასა და ეკოსისტემის პოლიტიკაში; 2.) კულტურა, ისტორია და გარემო, რომელიც იკვლევს გარემოსა და კულტურულ ცვლილებებს მთელი ისტორიის განმავლობაში; 3.) ენერგეტიკის ანალიზი და პოლიტიკა. ეს მიმართულება აერთიანებს ენერგეტიკულ პოლიტიკას და ანალიტიკური აზროვნების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას; 4.) ადამიანები და გლობალური გარემო, რომელიც გულისხმობს მდგრადი ურთიერთობის განვითარებას ადამიანებსა და გარემოს შორის; 5.) ტრანსპორტის მენეჯმენტი და პოლიტიკა – სატრანსპორტო სისტემების მართვა და დაგეგმვა, დაკავშირებული გარემოს განვითარებასთან.
გარდა ამისა, არსებობს დამატებითი სამაგისტრო/სადოქტორო შესაძლებლობები: შესაძლებელია ნელსონის ინსტიტუტის და ვისკონსინის მედისონის უნივერსიტეტის ხარისხი და სერტიფიკატების სპეციალური კომბინაცია; სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ აიღონ სამაგისტრო ხარისხი ან სადოქტორო სასერტიფიკატო პროგრამა; ნელსონის უნივერსიტეტის სწავლების ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს, ისევე როგორც ვისკონსინის მედისონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტს, შეუძლია აიღოს ორმაგი ხარისხი `გარემოს მეცნიერებებსა და სამართალში”; სამაგისტრო სტუდენტებს შეუძლიათ აიღონ ორმაგი ან გაერთიანებული ხარისხი; სამაგისტრო სტუდენტებს შეუძლიათ აიღონ ორმაგი ან გაერთიანებული ხარისხი.
ენერგეტიკა ვისკონსინის უნივერსიტეტის სტრატეგიული ინტერესის სფეროა. მედისონის უნივერსიტეტი არის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევითი დაწესებულება, რომელსაც კვლევებისთვის წლიურად 1 მლრდ. დოლარის ბიუჯეტი აქვს. აქედან ენერგეტიკის სფეროში ჩატარებული კვლევებს ხმარდება ბიუჯეტის 10%. კვლევის სფეროები მოიცავს ენერგორესურსებს, ენერგოტექნოლოგიებს, ენერგომდგრადობას, ენერგეტიკულ პოლიტიკასა და ეკონომიკას; ენერგეტიკული ტექნოლოგიების კვლევები ასევე მოიცავს ენერგიის განახლებადი წყაროების (მზე, ქარი) პრაქტიკულ გამოყენების შესაძლებლობეის შესწავლას; ენერგეტიკული დანადგარების კვლევებს; ატომური ენერგიის განვითარების პროგნოზირებას, რეაქტორების უსაფრთხოებას და თერმოჰიდროდინამიკას, ატომური სათბობის ციკლის ანალიზს; თბურ და ელექტრულ მანქანებს და სხვა სფეროებს; ასევე: ენერგიის გარდაქმნის სისტემების ეფექტიანობას; ენერგეტიკის ბაზარს, ბაზრის კონფიგურაციას და რეგულირებას, საიმედოობას, გადაცემისა და განაწილების ტექნოლოგიას, კავშირს წარმოებასთან და მთავრობასთან; გლობალურ გარემოსა და მდგრადობას; ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას გარემოს ცვლილებთან მიმართებაში;
სპეციფიკური კვლევებია: მიწათსარგებლობა, ჰაერის ხარისხი და კლიმატი. ბიოსათბობის გამოყენების აუცილებლობა, ენერგიის გამოყენების ზემოქმედება ადამიანებზე.
ენერგორესურსების კვლევები მოიცავს გეოლოგიას, გეოფიზიკას და გეოქიმიას; გეოლოგიური სათბობის რესურსების იდენტიფიკაციასა და განვითარებას. ენერგიის მოხმარების გრძელვადიანი მოთხოვნილების განსაზღვრას; ბიოენერგიას, რომელიც დაკონკრეტებულია გენეტიკურ კვლევებზე, ცელულოზა-მარცვლეული კულტურისა და ეთანოლოს პროცესებისთვის; რესურსების სასიცოცხლო ციკლს.
აქედან გამომდინარე, ვისკონსინის უნივერსიტეტის ენერგეტიკის ინსტიტუტი არის სათავო ორგანიზაცია სადაც მიმდინარეობს: კვლევები ენერგეტიკის განვითარებისათვის; საგანმანათლებლო პროგრამების კლასიფიკაცია და იდენტიფიკაცია კვლევით პროგრამებთან; საბაკალავრო, სამაგისტრო და სასერტიფიკატო სწავლება, ახალი სასწავლო კურსების კოორდინაცია; ენერგეტიკის ანალიზი და პოლიტიკის წარმოება; ენერგეტიკოსთა სერტიფიცირება; ენერგეტიკის შიდა და გარე პრობლემების გადაჭრა; რეკომენდაციების გაცემა ენერგეტიკულ ტექნოლოგიებსა და პოლიტიკაზე; ენერგოექსპერტების მოძიება; ახალი საწარმოების, გლობალური ელექტროქსელის მართვა/მენეჯმენტი; ვისკონსინის ახალი იდეა _ ურთიერთთანამშრომლობა პოლიტიკის შემმუშავებლებთან და საზოგადოებასთან კოორდინაცია.
ენერგეტიკის ანალიზი და პოლიტიკა _ ეს პროგრამა საშუალებას აძლევს ყველა სპეციალობის ბაკალავრს, აიღოს სერტიფიკატი ამ მიმართულებით. პროგრამა შექმნილია 30 წლის წინ, თავდაპირველად მხოლოდ ამ მიმართულების სტუდენტებისთვის. გაფართოვდა 15 წლის წინ სწავლების ყველა საფეხურის და გრადაციის სტუდენტებისთვის. ენერგეტიკის ანალიზსა და პოლიტიკაში სერტიფიკატის მიღების წინაპირობები მდგომარეობს შემდეგში: აუცილებელია კოლეჯის დონის 5 სასწავლო კურსი შემდეგ სფეროებში: 1.) ფიზიკური (რაოდენობრივი) მეცნიერებები (როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ინჟინერია); 2.) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ბიოლოგია, გეოლოგია, გარემოს და ატმოსფეროს დაცვა); 3.) ეკონომიკა; 4.) სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები (გარდა ეკონომიკურისა); 5.) კალკულაცია ან სტატისტიკა.
ენერგეტიკის ანალიზი და პოლიტიკის კურიკულუმები მოიცავს შემდეგს: 1.) შესავალი კურსი ენერგეტიკის ანალიზსა და პოლიტიკაში. თითო კურსი 4 ძირითადი სფეროდან: ა.) ენერგეტიკული პოლიტიკა, ბ.) ენერგეტიკის ეკონომიკა და ბიზნესი, გ.) ენერგეტიკული ტექნოლოგიები, დ.) გარემოს მეცნიერებები; 2.) ენერგეტიკის ანალიზი და პოლიტიკის პროექტები: ა.) დისციპლინათშორისი ჯგუფი აანალიზებს მსოფლიოს რეალურ პრობლემებს, ბ.) მზის ენერგიის (ცხელი წყლის სისტემები) გამოყენების ანალიზი, გ.) ადგილობრივი ბიზნესის ენერგოეფექტურობის ანალიზი, დ.) კომუნალური სერვისის კომისიის პოლიტიკის ანალიზი, ე.) უნივერსიტეტის ენერგეტიკული კვლევების ეკონომიკური ანალიზი.
ენერგეტიკის ანალიზისა და პოლიტიკის სფეროში წამყვანი პროფესორები არიან პოლ ვილსონი (ხელმძღვანელი) _ ატომური ენერგეტიკა; ტრესი ჰოლოვეი _ გარემოს მეცნიერებები; ბერნი ლესიუტრი _ ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერია; გრეგ ნემეტი _ საზოგადოებრივი პოლიტიკა; მაიკლ კორადინი _ ატომური ენერგეტიკა; როდნი სტივენსონი _ ბიზნესი; დუგ რეინმენი _ ბიოლოგიური სისტემების ინჟინერია; ალან კაროლი _გეოლოგია.
ენერგეტიკის ანალიზისა და პოლიტიკის კვლევის სფეროებია: ენერგეტიკული პოლიტიკა, ტექნოლოგიური პროგრესი და კლიმატის ცვლილება; ეკოლოგიური სამართალი, კანონები, მეცნიერებები, რისკების შეფასება; სოფლის პრობლემები, რომელიც მოიცავს განახლებად ტექნოლოგიებს, მიწათსარგებლობას, ენერგიის გამოყენებას რძის ფერმებში და საკვების წარმოებაში; ბირთვული სათბობის ციკლის მოდელირება, სასიცოცხლო ციკლი, უსაფრთხოების საკითხები; გეოლოგია (სინთეზური, ბუნებრივად შექმნილი ქვის, სილის, მარილისგან).
ენერგეტიკის ანალიზსა და პოლიტიკას ეუფლება 39 სტუდენტი 13 განსხვავებული დეპარტამენტიდან: საზოგადოებრივი ურთიერთობა _ 12, გარემო და რესურსები _ 7, ელექტროენერგეტიკა და კომპიუტერული ინჟინერია _ 7, სხვა ინჟინერია _ 5, სხვა მეცნიერებები _ 4, ბიზნესი/ეკონომიკა _ 5.
მდგრადი ენერგეტიკული ინჟინერია არის ახალი სასწავლო კურსი ტექნიკური არეალის გაფართოებისთვის. ის ნებისმიერი ინჟინერიის ბაკალავრს აძლევს საშუალებას, გააკეთოს აქცენტი ენერგეტიკაზე და მოაგროვოს კრედიტები ენერგეტიკულ საგნებში. კურსგავლილებს სპეციალური სერტიფიკატი ენიჭებათ.
ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტი (ECI) არის სამაგისტრო პროგრამის კონცენტრაცია/მოდული, რომელიც ენერგიის მოხმარების მენეჯმენტის შესწავლას გულისხმობს. შემოთავაზებული პროექტის მიზანია სამაგისტრო პროგრამის კონცენტრაციის/მოდულის შექმნა “ენერგიის მოხმარების მენეჯმენტში”. პროგრამა აერთიანებს ტექნიკურ ცოდნას, მართვისა და კვლევის უნარებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ენერგიის სამომხმარებლო მოთხოვნილებათა მართვა, პროექტების მენეჯმენტი, ენერგომენეჯმენტის ფინანსური ასპექტები და ენერგოაუდიტი, ტრადიციული და განახლებადი ენერგეტიკული ტექნოლოგიები, ენერგიის მოხმარების ეკოლოგიური საკითხები.
პროგრამა სტუდენტებს აძლევს ფუნდამენტურ ცოდნას ენერგიის მოხმარების მართვის, წარმოების და გარდაქმნის ტექნოლოგიებში და უვითარებს მათ რაოდენობრივი შეფასებების, ენერგეტიკის საკითხების ანალიზის, პროგნოზირების, კაპიტალდაბანდებებისა და დანახარჯების გაანგარიშების, სასიცოცხლო ციკლის ეკონომიკური ანალიზის, გარემოზე ზეგავლენის შეფასების, საქმიანობის ეფექტური დაგეგმვის და მართვის უნარებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნით კურსდამთავრებულებს შეეძლებათ წარმატებული მუშაობა და კარიერული ზრდა ინდუსტრიულ და კომერციულ საწარმოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, სამთავრობო სტრუქტურებში, ენერგეტიკულ კომპანიებში, საკონსულტაციო ფირმებსა და სააგენტოებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, კვლევით ლაბორატორიებში, განათლების სისტემაში და სხვა. ამასთან, კურსდამთავრებულებს ექნებათ ისეთი ხარისხის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარჩვევები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, წარმატებით გაიარონ მრავალპროფილური საკვალიფიკაციო ტესტირებები და მიიღონ სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატები, რაც მნიშვნელოვანია მათი დასაქმებისთვის მაღალანაზღაურებად პოზიციებზე სხვადასხვა სპეციალიზაციის ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებში.
სამაგისტრო პროგრამის კურსებია: ენერგიის წარმოების, გარდაქმნის და მოხმარების ტექნოლოგიები, 20 კრედიტი; ენერგომენეჯმენტის პრინციპები, 10 კრედიტი; ენერგიის სამომხმარებლო მოთხოვნილებათა მართვა, 10 კრედიტი; განახლებადი ენერგეტიკული ტექნოლოგიები, 10 კრედიტი.
აღნიშნული კურსები მოიცავს ენერგიის წარმოების, გარდაქმნისა და მოხმარების ტექნოლოგიებს: სითბური ენერგიის შემცველები; სითბური ენერგიის განაწილების სისტემები და კომპონენტები; სითბური ენერგიის გენერაციის დანადგარები; ნარჩენი სითბოს გამოყენება და კოგენერაცია (ელექტრული და სითბური ენერგიის კომბინირებული წარმოება); ელექტროენერგიის მოხმარების მართვა; ენერგეტიკული დანადგარების მომსახურება.
ენერგომენეჯმენტის პრინციპებია: ენერგომენეჯმენტის ფინანსური ასპექტები და ენერგოაუდიტი; პროექტის მენეჯმენტი; ენერგომენეჯმენტის პროგრამები; საგანგებო სიტუაციების მართვა ენერგეტიკაში; ენერგიის მოხმარების ეკოლოგია; საწარმოო ნარჩენების მართვა.
პროგრამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ენერგეტიკული სექტორისთვის. |
|