|
2-07-2010, 12:20
ქართველ მეცნიერთა ჯგუფი კოსმოსის კვლევის აშშ-ის სახელმწიფო ორგანიზაციიდან (NASA) დაბრუნდა, სადაც ისინი საერთაშორისო სამეცნიერო ასტრობიოლოგიურ კონფერენციაზე იყვნენ მიწვეულნი. NASA-ში მათ პლანეტა მარსის შესახებ ახალი თეზისები და 3-წლიანი კვლევის შედეგები ჩაიტანეს, რომლითაც NASA დაინტერესდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის კათედრის მეცნიერები საქართველოში კოსმოსის კვლევის აშშ-ის სახელმწიფო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენლებად დანიშნა.
ნუგზარ ალექსიძე, მარიკა ტარასაშვილი, პროფ. შალვა საბაშვილი, პროფ. სიმონ წერეთელი და მათი ჯგუფი პირველი მეცნიერები არიან, რომლებმაც ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით განახორციელეს პლანეტა მარსის ეკოსისტემის ასტრობიოლოგიური კვლევა NASA-ს მიერ 2005 წელს წამოწყებულ მარსის ათვისების საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში. 2007 წელს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით მათ მოაწყვეს მიკრობიოლოგიური ლაბორატორია და კლიმატოკამერა, სადაც თეორიული მასალის საფუძველზე შექმნეს მარსზე არსებული ნიადაგის, განათებულობისა და ტემპერატურული ცვალებადობის ანალოგია. მათ პირველებმა ივარაუდეს, რომ ეს ნიადაგი შეიცავს ცეოლიტს, რაც ერთ წელიწადში დაადასტურა Phoenix-ლენდერმა , რომელმაც მარსზე ნიადაგის ქიმიური ანალიზი ჩაატარა.
ექსპერიმენტულად იქნა ნაჩვენები, რომ საქართველოში ექსტრემალურ გარემო პირობებში მცხოვრებ ავტოტროფულ მიკროორგანიზმებს უნარი აქვთ, აითვისონ მარსის ნიადაგის კომპონენტები. რომლის საშუალებით მთელი პლანეტის ტერაფორმირებაა შესაძლებელი. მათ დაადგინეს, რომ მარსის ნიადაგი არ არის ბაქტერიციდული, ე. ი. ბაქტერიებს მასში ცხოვრება და გამრავლება შეუძლიათ. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მარზე შესაძლებელია გაიხარონ გენმოდიფიცირებულმა მცენარეებმა, რაზედაც ინტერსიურად მიმდინარეობს მუშაობა.
ქართველმა მეცნიერებმა, პირველად მსოფლიოში, ექსპერიმენტულად დაასაბუთეს, რა ფერის შეიძლება იყოს მცენარეები, რომლებსაც უნარი ექნებათ მარსზე განახორციელონ ფოტოსინთეზი და ჟანგბადის წარმოება. მათ უნარი ექნებათ, დაიცვან თავი იმ ულტრაიისფერი სხივებისგან, რომლებიც ბევრია წითელ პლანეტაზე, რადგან მარსს არა აქვს ატმოსფერო;
ქართველმა მეცნიერებმა მარსის ნიადაგის ანალოგზე, რომელიც აღიარებულია, როგორც მარსის ნიადაგის ერთ-ერთი საუკეთესო ანალოგი, დარგეს ხორბალი, რომელმაც მუტაციის შემდეგ გაიხარა და შეეგუა მარსის იმიტირებულ გარემოს, სადაც ტემპერატურა ზოგჯერ მზის ჩასვლისას -60 გრადუსამდე ეცემა.
ყოველივე ამის საფუძველზე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პლანეტა მარსის ათვისება სავსებით შესაძლებელია.
NASA-დან მოწვევა მეცნირებმა მაისის ბოლოს მიიღეს. მასალის საფუძვლიანად გაცნობის შემდეგ, კოსმოსის კვლევის აშშ-ის სახელმწიფო ორგანიზაცია მათ თანამშრომლობასა და ფინანსურ მხარდაჭერას დაჰპირდა. |
|