|
15-10-2009, 14:36
15 ოქტომბერს ლიტერატურულ კონკურს "გალას" ხუთკაციანმა ჟიურიმ ნაწარმოებების განხილვა დაასრულა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ სამადაშვილმა "გალას" ჟიურის წევრები 10 სექტემბერს წარადგინა. ჟიურის შემადგენლობაში არიან მთარგმნელი ნინო ქაჯაია, მხატვარი ბაჩა მალაზონია, პუბლიცისტი უჩა შერაზადაშვილი, კრიტიკოსი ვანო ამირხანაშვილი. ჟიურის უხელმძღვანელებს კრიტიკოსი თამაზ ვასაძე. ჟიურიმ ნაწარმოებების განხილვა 10 სექტემბერსვე დაიწყო.
როგორც სამადაშვილმა განაცხადა, წელს ლიტერატურული კონკურსის საპრემიო ფონდი გაიზარდა და თითოეული გამარჯვებული 4 ათას ლარს მიიღებს.
"საპრემიო ფონდი შარშან 21 ათას ლარს შეადგენდა, წელს საპრემიო ფონდი 24 ათას ლარამდე გაიზარდა, ანუ 6 გამარჯვებული 4-4 ათას ლარს მიიღებს. წლევანდელ კონკურსში ყველაზე მეტი წიგნი მონაწილეობს გასულ წლებთან შედარებით. 2007 წელს კონკურსში 70 წიგნი მონაწილეობდა, 2008 წელს 90-მდე წიგნი, წელს კი კონკურსში მონაწილეობას 120 წიგნი მიიღებს", _ განაცხადა სამადაშვილმა.
გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდებიან. კონკურსზე გამოვლინდება წლის საუკეთესო სამაგიდო, წიგნი წლის საუკეთესო წიგნი, წლის საუკეთესო თარგმნილი წიგნი, წლის საუკეთესო წიგნი ბავშვებისთვის, წლის საუკეთესო წიგნის მხატვრობა და წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი.
ლიტერატურული კონკურსი "გალა" უკვე მესამე წელია იმართება. კონკურსი 2007 წლის შემოდგომაზე საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის ინიციატივით დაარსდა. |
|