|
17-09-2010, 11:50
კომპანია "ფორდმა" "ფოკუსის" ჰეჩბეკის ახალი მოდიფიკაციის პირველი ოფიციალური სურათები წარმოადგინა, რომელმაც ტრადიციული სახელწოდება - ST მიიღო. ავტომობილის მსოფლიო წარდგენა პარიზის ავტოშოუზე გაიმართება, ხოლო მსოფლიოს ბაზრებზე მისი გასაყიდად გამოტანა 2012 წლისთვის იგეგმება.
ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი ავტომობილი EcoBoost-ის ორლიტრიანი, 250-ცხენისძალიანი ძრავით იქნება წარმოდგენილი და 100 კმ/სთ სიჩქარეს 6 წამში განავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ იქნება. ახალი "ფორდ ფიკუსის" ტექნიკურ დეტალებსა და დინამიკურ მახასიათებლებზე სხვა ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
ამასთან, ამერიკული ავტომწარმოებელი "ფოკუსის" კიდევ ერთ, ყველაზე მძლავრ და სწრაფ ვერსია RS-ზე მუშაობს. ცნობილია, რომ მასაც EcoBoost-ის, ST-სთან შედარებით გაძლიერებული ძრავა ექნება, რომლის სიმძლავრე 300 ცხ/ძ-ს შეადგენს.
პარიზის ავტოშოუზე "ფორდი", "ფოკუსის" გარდა, განახლებულ "მონდეოს" და კომპაქტვენ С-Max-ს წარმოადგენს. |
|