|
15-10-2010, 01:55
მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განათლების გზით მოდერნიზაციის მიღწევაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მოდერნიზაცია მხოლოდ ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარებით არ მიიღწევა.
"მთავრი ბერკეტი წინსვლის მისაღწევად არის ჩვენი საზოგადოება და მისი ინტელექტუალური პოტენციალი. აქაც გვასწავლის მცხეთა გაკვეთილს და ეს გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს პატარა ერს აქვს დიდი ეროვნული ნიჭი, დიდი ტალანტი, დიდი შემოქმედებითი გენია, რომლითაც ასე ვამაყობთ. გენია, რომელიც ვერაფერმა ჩაკლა, რომელიც ყოველთვის ქმნიდა უკეთეს, ყოველთვის ილტვოდა სრულყოფილებისკენ, ამიტომ ახლა ჩვენი გზა მოდერნიზაციისა და სრულყოფილებისკენ გადის განათლებაზე, ამიტომ ვახორციელებთ ახალ პროგრამებს, რომლებიც მიზანად ისახავს ბავშვების კომპიუტერიზაციას დაწყებითი კლასებიდან. ჩამოგვყავს ინგლისურენოვანი მასწავლებლები, რათა ჩვენი ბავშვები დაწებითი კლასებიდანვე ეზიარონ კომუნიკაციის ენას, გაეხსნათ საშუალებები, ჩამოყალიბდნენ მსოფლიო საზოგადოების ისეთ წევრებად, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანები. არავისზე ნაკლები განათლება არ უნდა ჰქონდეთ, რომ 21-ე საუკუნის მსოფლიოში წარმატებას მიაღწიონ", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძრის დაარსებიდან 1700 და განახლებიდან 1000 წლისთავი აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების დელეგაციები დაესწრნენ. ghn.ge |
|