სტუ-ში დავით თავხელიძის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა ჩატარდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში დავით თავხელიძის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა ჩატარდა მეცნიერება
6-11-2010, 17:49
სტუ-ში დავით თავხელიძის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა ჩატარდა 6 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საიუბილეო სხდომა, რომელიც ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მანქანათა მექანიზმების თეორიის დარგში ქართული სკოლის ფუძემდებლის, დავით თავხელიძის (1910 – 1989) დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.

ღვაწლმოსილი ქართველი მექანიკოსისა და მანქანათა მექანიზმების თეორეტიკოსის – დავით თავხელიძის სახელი კარგად არის ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. გასული საუკუნის ორმოციანი წლებიდან დაწყებული სიცოცხლის ბოლომდე ის ხელმძღვანელობდა მექანიზმებისა და მანქანების თეორიის ქართულ სამეცნიერო სკოლას.

დავით თავხელიძე სათავეში ედგა სივრცითი და სფერული სახსროვანი მექანიზმების კვლევისა და შესწავლის საქმეს, რომელიც ამჟამად წარმოადგენს მექანიზმებისა და მანქანების თეორიის ერთ-ერთ განვითარებულ და მოწინავე სამეცნიერო მიმართულებას. მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრა, რომელიც დაფუძნდა და განვითარდა თავხელიძის ხელმძღვანელობით, ამჟამადაც სათავეში უდგას მექანიზმების თეორიის შესწავლასა და განვითარებას საქართველოში.

დავით სერგოს ძე თავხელიძე დაიბადა 1910 წლის 25 ოქტომბერს (ძველი სტილით) ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში. მამა, სერგო, იმ დროისთვის უაღრესად განათლებულ კაცად ითვლებოდა, სოფელში ცნობილი იყო წესიერებით, სამართლიანობითა და მიუკერძოებლობით, რის გამოც არჩეულ იყო სოფლის მოსამართლედ.

დავითმა დაწყებითი განათლება ბაღდათის ორკლასიან სკოლაში მიიღო და სწავლა განაგრძო ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1927 წელს. 1929 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტზე. ამ პერიოდს დაემთხვა უნივერსიტეტის რეორგანიზაციის პროცესი. გამოიყო და ცალკე ერთეულად ჩამოყალიბდა თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც დავით თავხელიძემ წარჩინებით დაამთავრა 1933 წლის დეკემბერში და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია მერქნის მექანიკური დამუშავების სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, იგი კათედრაზე დატოვეს.

1932 წელს დავით თავხელიძემ გამოცდები ჩააბარა ლენინგრადის სატყეო აკადემიის ასპირანტურაში და ჩაირიცხა პროფესორ ი. აშკენაზის ასპირანტად. დავითმა სადისერტაციო თემით, “მრავალხერხიანი დაზგის ხერხების შეთანხმებული ანალიზი და ოპტიმალური განლაგების საკითხები”, გადაჭრაA ხის დამმუშავებელი მრეწველობის აქტუალური ტექნიკური ამოცანა, კერძოდ, გადაწყვიტა მიწოდების დროს სიმძლავრის ოპტიმალური ხარჯვის პრობლემა. მის მიერ დასმული ამოცანა გადაჭრილ იქნა კვლევის ორიგინალური მეთოდის გამოყენებით, რაც შემდგომ დიდი წარმატებით დაინერგა ხის დამმუშავებელ საწარმოებში. სადისერტაციო სამუშაო ასპირანტურის გეგმით გათვალისწინებულ ვადაზე 6 თვით ადრე წარმატებით შეასრულა და დაიცვა ლენინგრადის სატყეო აკადემიის საბჭოს სხდომაზე 1937 წლის მაისში.

ამავე წელს დავითი დაბრუნდა თბილისში და დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სატყეო ტექნიკურ ინსტიტუტში გამოყენებითი მექანიკის კათედრის გამგის თანამდებობაზე. ინტენსიურად მუშაობდა ტყის სამუშაოების მექანიზაციის საკითხებზე და 1938 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი მინოგრაფია “ტყის მექანიკური მორთრევა”, სადაც განხილულია ტყის ნაკვეთებიდან ხის მორების გამოტანის საკითხები (მორთრევა) და, რაც მთავარია, პირველად არის დასმული პრობლემა ტყის სამუშაოების თანამიმდევრობის ოპტიმალური ვარიანტების ძირითადი პრინციპისა და მისი გამოყენების აქტუალობაზე ხე-ტყის მრეწველობაში.

სტუ-ში დავით თავხელიძის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა ჩატარდა 1938 წლის გაზაფხულზე პროფესორმა ი. ვაწაძემ დავითი მიიწვია საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში (შემდგომ პოლიტექნიკური ინსტიტუტი) გამოყენებითი მექანიკის და მანქანათა ნაწილების კათედრის დოცენტად. მასვე უნდა წაეკითხა მანქანების თეორიის კურსი.

დავით თავხელიძის ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ტექნიკურ მეცნიერებაში მოხდა საგრძნობი სტრუქტურული და შინაარსობრივი ძვრები. 1938 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიასთან ჩამოყალიბდა ტექნიკურ მეცნიერებათა განყოფილება, სადაც შეიქმნა სპეციალიზებული აკადემიური კომისიები. მათგან ერთ-ერთი საბაზო ერთეული იყო მანქანათმშენებლობის კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა აკად. ე. ჩუდაკოვი. აღნიშნული განყოფილების ჩამოყალიბებით გამოყენებითი და ტექნიკური მეცნიერება დადგა ფუნდამენტურ მეცნიერებათა გვერდით. მანქანათმშენებლობის კომისიის სხდომები 1937 წელს გადაკეთდა მუდმივმოქმედ სემინარად, რომელსაც პროფესორი ნ. მერცალოვის შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი ი. არტობოლევსკი. 1938 წელს ჩამოყალიბდა საკავშირო აკადემიის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტი, რომლის დირექტორად დაინიშნა პროფესორი ე.ჩუდაკოვი. ინსტიტუტის მექანიზმებისა და მანქანების თეორიის განყოფილებას სათავეში ჩაუდგა აკადემიკოსი ი. არტობოლევსკი. მექანიზმებისა და მანქანების თეორიის სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები: ა. მალიშევი, ნ. ბრუევიჩი, გ. ბარანოვი, ი. შორი, ვ. დობროვოლსკი. ამ მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებულ ფუნდამენტურ შრომებში, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, ამოხსნილი იქნა სფერული და სივრცითი ბერკეტული მექანიზმების სტრუქტურის, კინემატიკის, სინთეზისა და კინეტოსტატიკის მრავალი ამოცანა, რომლებსაც დიდი ინტერესით ეცნობოდა დავით თავხელიძე და იღრმავებდა მეცნიერულ ცოდნას. ის დაინტერესდა საკმაოდ რთული ამოცანის – სივრცითი ბერკეტული მექანიზმების კვლევის საკითხებით და უკვე 1940 წელს ამ მიმართულებით გამოაქვეყნა ნაშრომი – “სივრცითი ოთხრგოლიანი სივრცითი მექანიზმების კინემატიკური კვლევა”. ამ ნაშრომში მან ჩამოაყალიბა ბერკეტული მექანიზმების კვლევის ახალი გრაფიკულ-ანალიზური მეთოდი, სადაც მხაზველობითი გეომეტრიის მეთოდების გამოყენებით ამოხსნილია სივრცითი ოთხრგოლა მექანიზმების მდებარეობის აგების ამოცანები.

სამამულო ომმა დროებით შეაფერხა დავით თავხელიძის სამეცნიერო მოღვაწეობა. 1942 წლის დასაწყისში იგი დაინიშნა საქართველოს სატყეო მრეწველობის სამინისტროს ხის დამუშავების ტრესტის მმართველად. ეს ის პერიოდია, როდესაც ამიერკავკასია თითქმის მოწყვეტილი აღმოჩნდა ქვეყნის ძირითადი ნაწილისაგან და, სხვა სამხედრო საჭურველთან ერთად, საჭირო გახდა ამიერკავკასიის ჯარებისათვის ხე-ტყის მასალისგან დამზადებული სამხედრო შეკვეთების შესრულება. ხის დამუშავების ტრესტი, რომელსაც დავით თავხელიძე ხელმძღვანელობდა, მაღალ დონეზე და დროულად ასრულებდა სამხედრო შეკვეთებს. სატყეო მრეწველობის დარგში ნაყოფიერი მუშაობისთვის თავხელიძემ არაერთი მადლობა და სახელმწიფო ჯილდო დაიმსახურა. მან ომის დამთავრებისთანავე ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა განაგრძო ოთხრგოლა სივრცითი ბერკეტული მექანიზმების კვლევის საკითხებზე და 1946 წლის იანვარში, მოსკოვის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტში, მექანიზმებისა და მანქანების თეორიის სემინარზე წაიკითხა მოხსენება თემაზე – “სივრცით მექანიზმებში მრუდმხარისა და ორი მრუდმხარის არსებობის საკითხი”. აქ გადაწყვეტილია სივრცითი ოთხრგოლა ბერკეტული მექანიზმებისათვის მრუდმხარის არსებობის ამოცანა ზოგადი სახით. ამოცანაში გამოყენებულია მის მიერ დამუშავებული გრაფიკულ-ანალიზური მეთოდი, რის შედეგადაც მიღებულ იქნა სივრცითი ოთხრგოლა მექანიზმების მდებარეობის ფუნქცია, რომლის ანალიზის საფუძველზეც გამოყვანილია მრუდხარას არსებობის პირობები უტოლობების სახით. აღნიშნული ნაშრომით თავხელიძემ გადაწყვიტა სივრცით მექანიზმებში მოძრაობის გადაცემის ამოცანა და მოგვცა მრუდხარასა და ორი მრუდხარას არსებობის პირობა ზოგადი სახით. დაამტკიცა, რომ ბრტყელ და სფერულ მექანიზმებში მრუდხარას არსებობის პირობა წარმოადგენს კერძო შემთხვევას. ნაშრომმა სემინარის წევრების დიდი მოწონება დაიმსახურა და მას რეკომენდაცია მიეცა დოქტორის სამეცნიერო ხარისხზე წარსადგენად.
სტუ-ში დავით თავხელიძის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა ჩატარდა 1946 წელს დავით თავხელიძემ წარმატებით დაიცვა დისერტაცია მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე და მას მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1947 წელს თავხელიძემ თავი დაანება მერქნის გადამუშავების რესპუბლიკურ ცენტრში მუშაობას და გადავიდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათა ნაწილების კათედრაზე, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა კათედრის გამგის თანამდებობაზე. ამავე დროს, მას მიენიჭა კათედრის პროფესორის წოდება. ის იყო საქართველოში პირველი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი მექანიზმებისა და მანქანების თეორიის დარგში. სწორედ ამ პერიოდში იწყება დავით თავხელიძის სამეცნიერო შემოქმედებითი მოღვაწეობის აღმავლობა. ის აგრძელებს ბერკეტული მექანიზმების კვლევებს და უკვე 1948 წელს აქვეყნებს სტატიას “სფერული მექანიზმების კინემატიკური და დინამიკური კვლევა გრაფიკულ-ანალიზური მეთოდით”. ამ ნაშრომში, მის მიერ დამუშავებული ორიგინალური მეთოდით, გადაწყვეტილია სფერული მექანიზმების მდებარეობის კინემატიკური კვლევის ამოცანა, სფერული მექანიზმის მოძრაობის განტოლება და ვილერის კუთხეების გამოყენების საფუძველზე მიღებულია ცოცხალი ძალის გამოსახულება.

დავით თავხელიძემ მექანიზმების კვლევის გრაფიკულ-ანალიზური მეთოდით საფუძველი ჩაუყარა მექანიზმებისა და მანქანების თეორიის ქართულ სკოლას.

1948 წელს თავხელიძე აირჩიეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოყენებითი მექანიკის და მანქანათა ნაწილების კათედრის გამგედ, რომელსაც მოგვიანებით (1954 წ.) გამოეყო მანქანათა ნაწილების კათედრა, ხოლო ძირითად კათედრას, დავით თავხელიძის ინიციატივით, ეწოდა მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრა, სადაც 1986 წლამდე მოღვაწეობდა კათედრის გამგედ, ხოლო სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე – კათედრის პროფესორად. კათედრაზე მუშაობის დაწყებისთანავე, კათედრის წევრებთან ერთად, შეუდგა მექანიზმებისა და მანქანების თეორიის, როგორც დისციპლინის სასწავლო მეთოდური ლიტერატურით უზრუნველყოფას. განახლდა და გაიზარდა ლაბორატორიული სამუშაოების რაოდენობა, დამუშავდა დაპროექტების პირველი მოცემულობები. 1950 წელს დავით თავხელიძის ავტორობით, პირველად საქართველოში, გამოიცა მექანიზმებისა და მანქანების თეორიის სახელმძღვანელო, რომელიც შემდგომ პროფესორ გ. ჯაბუას თანაავტორობით რამდენიმეჯერ გამოიცა გადამუშავებული სახით. 1968-75 წლებში, სამეცნიერო მუშაობით დიდი დატვირთვის მიუხედავად, დავით თავხელიძემ ახალი სასწავლო პროგრამების შესაბამისად გამოსცა მექანიზმებისა და მანქანათა თეორიის ძირითადი სახელმძღვანელო ორ ნაწილად. კათედრის ზრდასთან ერთად ვითარდებოდა სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი. უკვე იმ დროისთვის კათედრა სრულად იყო უზრუნველყოფილი მეთოდური და დამხმარე სახელმძღვანელოებით, მეთოდური მითითებებით საკურსო პროექტირებისა და საშინაო დავალებების შესასრულებლად, ლაბორატორიული სამუშაოებითა და სხვ. კათედრა უზრუნველყოფილი იყო ელექტროგამომთვლელი მანქანებით და ყოველივე ეს გაკეთდა მრავალი წლის თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე, უპირველესად, დავით თავხელიძის ძალისხმევით. მექანიზმებისა და მანქანათა თეორიის კათედრა, დავით თავხელიძის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი მოწინავე კათედრა იყო და არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

სასწავლო- მეთოდური სამუშაოების გარდა, დავით თავხელიძემ, კათედრაზე მოღვაწეობის პირველი დღიდანვე, ფართოდ გაშალა სამეცნიერო მუშაობა, მან შემოიკრიბა კათედრის წევრები (მისი მოღვაწეობის პირველი თაობა – დ. ქათამაძე, ა. თამამშევი, ნ. დემურიშვილი, ს. გამრეკელი) და მათ წინაშე დასვა ახალი პრობლემა მექანიზმებისა და მანქანების თეორიის სფეროში – ორი თავისუფლების ხარისხის მქონე ბერკეტული მექანიზმების კვლევისა და მათი მანქანათმშენებლობაში გამოყენების შესახებ. თავხელიძის მოწაფეებმა ამ საკითხების დამუშავებით შესაბამისი სამეცნიერო ხარისხები და წოდებები მოიპოვეს.

პირველი მოხსენება აღნიშნული მექანიზმების შესახებ დავით თავხელიძემ გააკეთა მექანიზმებისა და მანქანების თეორიის სემინარზე 1951 წელს სათაურით “ცვალებადზომებიანი მრავალრგოლა მექანიზმები”. სემინარზე წარმოდგენილი მონოგრაფია თავისი სიღრმითა და თანამიმდევრობით სრულიად ახალი მიმართულებაა მექანიზმების თეორიაში და შეიძლება ჩაითვალოს 80-იან წლებში მექანიზმებისა და მანქანების თეორიაში ახალი ტიპის თვითგამწყობი მექანიზმების თეორიულ საფუძვლად.

ამ მექანიზმების კვლევის მრავალწლიანი შრომა დაგვირგვინდა მონოგრაფიით “ორი თავისუფლების ხარისხის ბრტყელი ხუთრგოლიანი მექანიზმების კვლევა”. მონოგრაფიაში განხილულია ორი თავისუფლების ხარისხის ბრტყელი ხუთრგოლიანი მექანიზმები ერთი წამყვანი რგოლით, ხახუნის ძალების გათვალისწინებით აღნიშნული სახის მექანიზმებით შესაძლებელი გახდა მიღებულ იყოს სხვა რგოლების იძულებითი მოძრაობა ერთი წამყვანი რგოლის მოძრაობით. ასეთი მიდგომის საფუძველზე შესწავლილ იქნა ამ მექანიზმების სტრუქტურა, კინემატიკა და კინეტოსტატიკა. ავტორის ძირითადი მიზანი იყო გამომავალი რგოლის სხვადასხვა მოძრაობის კანონების მიღება, განსაკუთრებით კი, ამ რგოლის მოძრაობა ხანგრძლივი გაჩერებებით. ამ მონოგრაფიის შესახებ დიუსელდორფის (გფრ-ის) სამეცნიერო ჟურნალში “გერმანელ ინჟინერთა კავშირის მოამბე” 1976 წელს დაიბეჭდა მიმოხილვითი ხასიათის სარედაქციო სტატია, სადაც აღინიშნა, რომ მონოგრაფიას დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს და იგი დიდ სამსახურს გაუწევს იმ საკონსტრუქტორო ორგანიზაციებს და პრაქტიკოსს ინჟინრებს, რომლებიც აწარმოებენ ახალი მანქანებისა და მექანიზმების დაგეგმარებას. ამ მონოგრაფიამ დიდი გამოხმაურება პოვა მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში.

დავით თავხელიძის სამეცნიერო კვლევები ყოველთვის გამოირჩეოდა გამოყენებითი ხასიათით. მაგალითად, ცვალებადი სტრუქტურის მქონე მექანიზმებისთვის დამუშავებული თეორია წარმოადგენდა მრავალი საინჟინრო ამოცანის გადაწყვეტის საფუძველს. ჯერ კიდევ 1955 წელს მან დაამუშავა და დანერგა ტყის კულტურების რიგებში ნარგავთა შორის ნიადაგის დამმუშავებელი კულტივატორის ავტომატის სქემა და კინემატიკა.

სამოციან წლებში დავით თავხელიძემ კათედრაზე ჩამოაყალიბა მექანიზმებისა და მანქანების თეორიის დარგობრივი ლაბორატორია, რომელიც წარმოადგენდა ძირეულ სამეცნიერო ერთეულს, სადაც თეორიული კვლევები დაიყვანებოდა საინჟინრო-გამოყენებით დონემდე. ასე მაგალითად, დარგობრივ ლაბორატორიაში წარმოებული სამუშაოების შედეგად ორი თავისუფლების ხარისხის მქონე ბერკეტული მექანიზმების მეცნიერული თეორიის გამოყენების საფუძველზე დამუშავდა საფეიქრო მრეწველობაში არსებული ერთ-ერთი ურთულესი ამოცანის – ძაფის დაჭიმულობის რეგულირების მექანიზმების რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც თანაავტორებთან – რ. საჯაიასა და თ. გიორგაძესთან ერთად დაცულია საავტორო უფლებებით და მათი წარმოებებში დანერგვით მიღებულია არა მარტო მნიშვნელოვანი ეკონომიური ეფექტი, არამედ მიღწეულია წარმოების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება.

1951 წელს მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტის მექანიზმებისა და მანქანების თეორიის სამეცნიერო სემინარის ამიერკავკასიის ფილიალი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა მისი მოწაფეების შემოქმედებითი მოღვაწეობის სრულყოფაში. სემინარზე გაკეთებული სამეცნიერო მოხსენებები იბეჭდებოდა სემინარის სამეცნიერო ჟურნალში “მექანიზმების კინემატიკა და დინამიკა”, რომლის უცვლელი მთავარი რედაქტორი იყო თვითონ დ. თავხელიძე.

1954 წელს საკავშირო აკადემიის მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდა პირველი საკავშირო კონფერენცია – “მექანიზებისა და მანქანების თეორიის ძირითადი პრობლემები”, რომლის მიზანი იყო მექანიზმებისა და მანქანების თეორიის დისციპლინის მდგომარეობის განხილვა და იმ ამოცანების გადაწყვეტა, რომლებსაც უყენებდა მას მანქანათმშენებლობის ტექნიკური დარგები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 350-ზე მეტმა მეცნიერმა და მკვლევარმა. კონფერენციაზე, ცნობილი მეცნიერების – ი. არტობოლევსკის, ლ. რეშეტოვის, ნ. ლევიცკისა და სხვათა მოხსენებებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა თავხელიძის მოხსენებამ – “მექანიზმებისა და მანქანების თეორიის მდგომარეობა საქართველოში და სრულიად ახალი მიმართულების – ორი თავისუფლების ხარისხის მქონე ბრტყელი მექანიზმების კვლევის და მისი წარმოებაში დანერგვის თეორიული პერსპექტივების შესახებ”. თავხელიძე იყო მექანიზმებისა და მანქანების თეორიის საკავშირო კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის მუდმივი წევრი და მონაწილე.

1959 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად სტრუქტურული ცვლილება განიცადა მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტმა, რომლის დეკანად იმავე წელს, როგორც გამოცდილი პედაგოგი და ორგანიზატორი, არჩეულ იქნა დავით თავხელიძე. 1963 წელს მან თავისი თხოვნის საფუძველზე დატოვა დეკანატი და დაუბრუნდა საყვარელ სამეცნიერო მოღვაწეობას.

1960 წელს დავით თავხელიძეს მიენიჭა მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. ამ პერიოდისათვის კათედრაზე მოვიდა ახალგაზრდა მეცნიერთა ნაკადი – ზ. Nნაცვლიშვილი, ვ. გოგილაშვილი, თ. კახეთელიძე, ო. ვაშაკიძე, კ. ილურიძე, ნ. დავითაშვილი, ა. გურევიჩი, რ. გოგოძე და სხვ., რომლებიც დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ სივრცითი მექანიზმების ახალი მოდიფიკაციების კვლევას. ახალი თაობის თითქმის ყველა წარმომადგენელმა საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა სივრცითი მექანიზმების ანალიზისა და კვლევის საკითხების ამოცანებზე, რაც დავით თავხელიძის თეორიული კვლევების საფუძველზე შესრულდა.

ამ პერიოდში დავით თავხელიძე ამუშავებს სივრცითი ოთხრგოლიანი კულისა მექანიზმების კინემატიკური ანალიზის ამოცანას მხაზველობითი მეთოდების გამოყენებით. მასში როგორც თავად დ. თავხელიძე წერს, “მექანიზმის რგოლების მდებარეობების აგება შესრულებულია არა ბრუნვითი სხეულების განკვეთის მეშვეობით, არამედ წრეხაზისა და სწორი ხაზის გადაკვეთის საშუალებით”. ამავე პერიოდში დამუშავდა სივრცითი და სფერული ოთხრგოლა მექანიზმების სქემები, რომლებშიც ბრტყელი გალოევის მექანიზმების მსგავსად, ამძრავი რგოლის ორ სრულ ბრუნს შეესაბამება ამყოლი რგოლის ერთი სრული ბრუნი. ასეთი სახის მექანიზმები სრულიად ახალი სიტყვაა მექანიზმების დაპროექტების ისტორიაში. ამავე დროს, დავით თავხელიძე ეწეოდა ფართო სამეცნიერო მეთოდურ მუშაობას როგორც კათედრაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ის წლების განმავლობაში იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი სკოლების სამინისტროს მეთოდური საბჭოს წევრი. 1965 წელს მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა ამ სამმართველოს მექანიზმებისა და მანქანების თეორიის სწავლების კავკასიის ზონის მეთოდური სემინარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე.

დავით თავხელიძის ინიციატივით, ქ. სოხუმში, 1967 წელს ჩატარდა მექანიზმებისა და მანქანების თეორიისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო კონგრესი, რომლის ერთ-ერთ სექციასაც თავად უძღვებოდა. კონგრესზე ჩამოსული იყვნენ არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიოს ცნობილი მეცნიერები, პროფესორები: კროსლეი, ფრედერშტეინი, როსი და სხვები_ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იოგავა – იაპონიიდან, ფილიპსი – ავსტრალიიდან, დიზიოღლუ და მეიერ ცაერ კაპელნი _ დასავლეთ გერმანიიდან, ლუკი _ აღმოსავლეთ გერმანიიდან და სხვები.

1967 წელს დავით თავხელიძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. დღიდან არჩევისა, ის ინტენსიურად ჩაერთო აკადემიის სამეცნიერო მოღვაწეობაში, რაც გამოიხატა აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობის და მართვის პრობლემების განყოფილების საპრობლემო საბჭოს ხელმძღვანელობაში.

1969 წელს დავით თავხელიძე ამერიკული საერთაშორისო ჟურნალის “ MECHANISM AND MASHINE THEORY” -ის სარედაქციო საბჭოს წევრად აირჩიეს. ამავე წელს თავხელიძე არჩეულ იქნა მექანიზმებისა და მანქანების საერთაშორისო ფედერაციის.

დავით თავხელიძეს, როგორც მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერს, ხშირად იწვევდნენ ლექციების კურსის წასაკითხად საზღვარგარეთ. ასეთი მისიით ის მიწვეული იყო 1972 წელს პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში, კერძოდ, ვარშავის, ლოძისა და კრაკოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში, 1973 წელს – რუმინეთში, ბუქარესტის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1974 წელს – გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქ. ილმენაუსა და დრეზდენის პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში.

1971 წელს თავხელიძემ გამოაქვეყნა კიდევ ერთი მონოგრაფია – “სივრცითი სამრგოლა და ოთხრგოლა ბერკეტული მექანიზმების კინემატიკა და სინთეზი”, რომელიც არის 1960 წელს გამოცემული სივრცითი ოთხრგოლა მექანიზმების კვლევის საკითხებზე გადამუშავებული და განახლებული მონოგრაფიის ვერსია.

1974 წელს დავით თავხელიძეს მონოგრაფიისათვის “ხუთრგოლა ორი თავისუფლების მქონე ბერკეტული მექანიზმების კვლევა” და ‘სივრცითი სამრგოლიანი და ოთხრგოლიანი ბერკეტული მექანიზმების კინემატიკა და სინთეზი” – მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ნიკოლაძის სახელობის პრემია.

დავით თავხელიძე 1979 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. საქართველოში ტექნიკური მეცნიერების წინაშე დიდი დამსახურებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის 1980 წელს აკადემიკოსი დავით თავხელიძე დააჯილდოვეს ხალხთა მეგობრობის ორდენით.

გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისა, დავით თავხელიძე აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილებისა და საზოგადოება “ცოდნის” მუშაობაში, რომლის პრეზიდიუმის წევრად იყო არჩეული. Dდ. თავხელიძის უშუალო ხელმძღვანელობით ათეულიბით ასპირანტი და მაძიებელი ეზიარა მეცნიერებას, რომელთაგანაც ბევრი უკვე მეცნიერებათა დოქტორია. დავით თავხელიძე წლების განმავლობაში იყო მექანიკა-მანქანათმშენებლობის დარგში სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციების დაცვის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1978 წლიდან _ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპეციალიზებული საბჭოს თავმჯდომარე.

80-იან წლებში უკვე ჯანმრთელობაშერყეულმა მეცნიერმა დაამთავრა მონოგრაფია “ბერკეტული მექანიზმების ანალიზი და სინთეზი”. მონოგრაფია შესრულებულია მაღალ აკადემიურ დონეზე, მასში გაერთიანებულია დავით თავხელიძის ორმოცდაათწლიანი მეცნიერული კვლევების შედეგები – ბერკეტული მექანიზმების კლასიფიკაცია, ბრტყელი ორი თავისუფლების მქონე მექანიზმების ანალიზისა და სინთეზის ამოცანები, სივრცითი სამრგოლა და ოთხრგოლა ბერკეტულ-სფერული და ხუთრგოლა მექანიზმების კინემატიკა და სხვ. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ამოცანა შესრულებულია მხაზველობითი გეომეტრიისა და ანალიზური ალგებრის მეთოდებით. აქ განხილული საკითხები და ამოცანები საოცარი სიზუსტით, მაღალ მეცნიერულ დონეზეა დასმული და განხილული.

მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დავით თავხელიძე არის ერთადერთი ქართველი მეცნიერი მექანიკოსი, რომელიც შეტანილია ბიოგრაფიულ ცნობარში "მათემატიკოსები და მექანიკოსები" მსოფლიოში აღიარებული მეცნიერების - აკადემიკოსების ი. არტობოლევსკის, ი. ბრუევიჩისა და სხვათა გვერდით.

სტუ-ში დავით თავხელიძის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა ჩატარდა
 
 

ასევე:

  • პროფესორ ვახტანგ გოგილაშვილს 80 წელი შეუსრულდა
  • თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მექანიკა 2014”
  • დღეს ილია ვეკუას დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართება
  • ღვაწლმოსლი პროფესორი საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა
  • სტუ-ის პროფესორ იური ქართველიშვილის დაბადებიდან 90 წელი სრულდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge