დღეს, 10 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ქაშიბაძესა და მის მოადგილეს ჯემალ ვაშაკიძეს შეხვდა.
ქაშიბაძემ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი პროგრამა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იწყებს. პროგრამა ეხება კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობის მიზნით, IT საინკუბაციო გარემოს შექმნას. მისი მიზანია ინოვაციების ხელშეწყობა.
პროექტის საწყის ფაზაში დაგეგმილია საინკუბაციო პროექტების გამოსავლენი და ამ მიმართულებით აქტივობების გაზრდისკენ მიმართული პერიოდული ღონისძიებები IT Startup Days.
დღესდღეობით მსგავსი ტიპის ღონისძიება წარმატებით ხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპისა და ყოფილი დსთ-ის ქვეყნებში.
პროექტში ჩაერთვებიან ბიზნესსკოლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტები. მათ მიეცემათ საშუალება, შექმნან კოოპერაციაზე დამყარებული ინოვაციური ჯგუფები, რომელთაგან საუკეთესოები ინვესტორების წინაშე წარდგებიან.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი ორგანიზებას გაუწევს ბიზნესსკოლებისა და კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტების, ასევე ექსპერტებისა და კონსულტანტების, კერძო ფირმების, ინვესტორებისა და ვენჩერული ფონდების ერთმანეთთან დაკავშირებას IT Startup Days-ის ღონისძიების ფარგლებში.