24 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე დარბაზში IT Startup პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ეწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაძე, სტუ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, ასევე სტუ-ის ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სპეციალობის სტუდენტები.
როგორც ირაკლი ქაშიბაძემ ვენთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის IT Startup-ის პროექტის გაცნობა და პროექტით ახალგაზრდების დაინტერესება იყო.
IT Startup დღეები საქართველოში არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა. მიზანი საქართველოში IT ინოვაციების ხელშეწყობაა. მის ფარგლებში სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტი იზრუნებს, რომ კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი პროექტების დანერგვისათვის სათანადო გარემო შეიქმნას.
დეპარტამენტი ორგანიზებას გაუწევს ინტერნეტპროექტის იდეის ავტორის, ბიზნესის/მარკეტინგის სპეციალისტების, ვებდიზაინერებისა და ვებდეველოპერების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანების, ექსპერტებისა და კონსულტანტების, კერძო ფირმების, ინვესტორებისა და ვენჩერული ფონდების თავმოყრას და ერთმანეთთან დაკავშირებას IT Startup დღეების ღონისძიების ფაგლებში. მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა შექმნან კოოპერაციაზე დამყარებული ინოვაციური ჯგუფები, რომელთაგან საუკეთესოები ინვესტორების წინაშე წარდგებიან. გარდა ამისა, პროექტში მონაწილეობა მისცემს მათ დიდ გამოცდილებას.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ინტერნეტსივრცესთან ან IT ინოვაციებთან დაკავშირებული იდეის ავტორებს (ერთს ან რამდენიმე კაცისგან შემდგარ ჯგუფს), ასევე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ შეუძლია წვლილი შეიტანოს ასეთი ტიპის იდეების განხორციელებაში. რეგისტრაციის ჩანართში მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, როგორც იდეის ავტორი, ვებდეველოპერი, ვებდიზაინერი, მარკეტინგის სპეციალისტი, ფინანსისტი, ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტი.
პროგრამა მიმართულია საქართველოში IT საინკუბაციო გარემოს შესაქმნელად კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობისკენ. 10 თებერვალს გაიხსნა IT Startup დღეების მე-2 სესია და სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა ვებგვერდი www.itstartups.ge, სადაც მოხდება ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია.
IT Startup დღეები არის საშუალება ინტერნეტსივრცესთან დაკავშირებული იდეის ავტორებისა და ახალი ბიზნესის დაწყებაში მონაწილეობის მიღების მსურველებისთვის, იპოვონ ერთმანეთი, კვალიფიკაციური მენტორებისგან მიიღონ კონსულტაციები და დაიწყონ თავიანთი ბიზნესი.პროექტის მიზანი საქართველოში IT ინოვაციების ხელშეწყობაა. მის ფარგლებში სამინისტრო ზრუნავს, რომ კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი პროექტების დანერგვისთვის სათანადო გარემო შეიქმნას და IT Startup პროექტები და დამწყები ინტერნეტკომპანიები კონკურენტუნარიანები გახდნენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. პროექტში მონაწილეობა დააინტერესებს პროგრამისტებს, ვებდიზაინერებს, მარკეტინგის და ბიზნესის სპეციალისტებს, რომლებიც მოწონებული იდეის გარშემო უნდა გაერთიანდნენ.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სურვილი გამოთქვეს წამყვანმა ქართულმა, ასევე უცხოურმა კომპანიებმა, მათ შორისაა HP, CISCO, UGT და სხვა.