7 დეკემბერს, 15:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში ფუტძალის ჩემპიონატით სტარტი "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადამ" აიღო.
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელიც 16-იდან 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მონაწილეობას 16 საუნივერსიტეტო გუნდი მიიღებს. პირველი სატურნირო თამაში „შავი ზღვის უნივერსიტეტსა" და „პეტრე მობილის უნივერსიტეტებს" შორის გაიმართება.
„პირველი ეტაპი 16 საუნივერსიტეტო გუნდიდან 8 საუკეთესო მეორე ეტაპზე გადავა, რომელიც 25 იანვარს დაიწყება და 11 თებერვლამდე გასტანს. საერთო ჯამში, გამარჯვებული გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბდება საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები, რომელიც უკვე 2011 წლის ზაფხულში მსოფლიოსა და ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატებში იასპარეზებს,"- აცხადებს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ ამაშუკელი.
„რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტის განცხადებით, კომპანია განსაკუთრებულად გულშემატკივრობს ახალგაზრდული სპორტის განვითარებას, ვინაიდან ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„სწორედ ამ მოტივაციით „რომპეტროლი" სპონსორობს და ცდილობს წაახალისოს ახალგაზრდა სპორტსმენები. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა მხარი დავუჭიროთ საუნივერსიტეტო სპორტში გაერთიანებულ ორმოცზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის გუნდებს, რომლებიც 18 სახეობის სპორტს წარმოადგენენ. ჩვენი პრიორიტეტი მუდამ იყო საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება, მათ შორის უმთავრესი დამწყები სპორტსმენების მხარდაჭერაა და სწორედ ამიტომ კომანიამ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის გადაწყვეტილება მიიღო,"- აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი.
რომპეტროლ საქართველოსა" და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 9 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, „რომპეტროლი 2010-2011 წლების განმავლობაში დაგეგმილი ყველა საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობის მხარდამჭერი იქნება და ამ ხნის განმავლობაში ყველა შეჯიბრება „საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" სახელს ატარებს.