|
22-02-2011, 00:32
გუდაურში გამართულ საუნივერსიტეტო “რომპეტროლიადაში” გამარჯვებულთა უმეტესობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია. ტურნირი ვაჟთა და გოგონათა შორის გიგანტურ სლალომში მოეწყო და მასში მონაწილეობა 60-მდე სტუდენტმა მიიღო.
ვაჟთა შორის პირველი ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა ვახტანგ თედიაშვილმა მოიპოვა. მეორე ადგილზე ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გუგა ჯაფარიძე გავიდა, მესამე ადგილი კი – თსუ-ის სტუდენტმა ირაკლი ჩხეიძემ დაიკავა.
გოგონებიდან პირველი ადგილი სტუ-ის სტუდენტმა ნინო ნაზღაიძემ დაიკავა. მეორე ადგილი – საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტ მანანა წერეთელს ერგო, ხოლო მესამე ადგილზე თსუ-ის სტუდენტი ნინო ნინუა გავიდა.
შეჯიბრების მონაწილე სტუდენტები სადაზღვევო კომპანია “არდი ჯგუფმა” დააზღვია. ღონისძიება საზეიმო ვითარებაში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს და კომპანია “რომპეტროლის” ხელმძღვანელმა პირებმა გახსნეს.
გაიმართა “რომპეტროლ საქართველოს” მიერ საგანგებოდ სპორტული ღონისძიებისთვის შექმნილი ახალგაზრდული ჰიმნის პრეზენტაცია. ახალი სიმღერით საზოგადოების წინაშე პირველად ახლად შექმნილი ჯგუფი “ფიქსი” წარდგა.
“რომპეტროლიადას” “გუდაური მიუზიკ ჰოლში” გამართულმა ღონისძიებამ დაასრულა, სადაც გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
კომპანია რომპეტროლისთვის ახალგაზრდული სპორტის განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. კომპანია ყოველთვის ცდილობს, წაახალისოს სტუდენტები ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის და შეუქმნას მათ შესაბამისი მოტივაცია.
“როგორც მოსალოდნელი იყო, სპორტის ზამთრის სახეობებმა სტუდენტებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. რაც მთავარია, ამ ტურნირის გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ, თავიანთი შესაძლებლობები უფრო ფართო ასპარეზზედაც გამოცადონ. ამასთანვე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტურნირი სტუდენტებისთვის ზეიმად იქცეს და გუდაურიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ", - აცხადებს “რომპეტროლ საქართველოს" გენერალირი დირექტორი ალექსანდრე ალბინი.
საუნივერსიტეტო სპორტის მხარდამჭერი ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი “რომპეტროლ საქართველოსა" და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას შორის 9 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, რომპეტროლი 2010-2011 წლების განმავლობაში დაგეგმილი ყველა საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობის მხარდამჭერი იქნება და ამ ხნის განმავლობაში ყველა შეჯიბრება “საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" სახელს ატარებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუტსალში “საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" ჩემპიონი გამოვლინდა. 11 თებერვალს, 2-თვიანი დაძაბული შეჯიბრების შემდეგ, ფუტსალში, “საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" სტუდენტური ლიგის ჩემპიონი გუნდი გამოვლინდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტდარბაზში გამართულ ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდმა, “სეუ"-მ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაძაბულ შეხვედრაში 3:2-ით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. |
|