ნეკრესში 40 მოწამის წმიდა ნაწილებს ჩააბრძანებენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ნეკრესში 40 მოწამის წმიდა ნაწილებს ჩააბრძანებენ კულტურა, სპორტი
12-12-2010, 01:24
12 დეკემბერს ნეკრესობა - აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღე - აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ნეკრესში 40 მოწამის წმიდა ნაწილებს ჩააბრძანებენ. ტაძარში შესულ მორწმუნეებს წმიდა ნაწილებთან ლოცვის საშუალება მიეცემათ. სადღესასწაულო წირვა დილის 8:00 საათზე ყვარლის ღვთისმშობლის ეკლესიიდან მსვლელობით დაიწყება.

აბიბოს ნეკრესელი იყო საეკლესიო მოღვაწე, ერთი ასურელი მამათგანი. საქართველოში მოვიდა სირიიდან VI საუკუნის II ნახევარში. თავდაპირველად მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ განაგებდა ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას. ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას: გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები. ებრძოდა ირანის ოფიციალური რელიგიის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) გავლენას. მოსპო ნეკრესის ტაძრის მახლობლად სპარსთა საგზებელი, რისთვისაც VI დამლევს მარზპანის ბრძანებით ჩაქოლეს. დასაფლავებულია სამთავროში (მცხეთა).

ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ იდეურ ბრძოლაში ემყარებოდა ანტიკურ ფილოსოფიას, კერძოდ, ოთხი ელემენტის თეორიას, რომლის თანახმად, სამყარო წარმოიქმნა ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისაგან. ეს თეორია აბიბოს ნეკრესელის შეხედულებებში შერწყმულია ქრისტიანულ წარმოდგენაზე ღმერთზე, როგორც შემოქმედზე. აბიბოს ნეკრესელის შეხედულებები ანტიკური ფილოსოფიის და ქრისტიანული მოძღვრების შეერთების ცდაა.

ცნობები აბიბოს ნეკრესელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელი მამების ცხოვრების ტექსტებში. ცალკე თხზულებას აბიბოს ნეკრესელზე, რომელიც შედგენილი ყოფილა VI-VII საუკუნეებში, ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია ქართლის კათოლიკოს არსენ I დიდის მიერ ამ თხზულების საფუძველზე შედგენილი აბიბოს ნეკრესელის „ცხოვრების“ ტექსტი.

ყვარელში ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაო დასრულებულია. რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 4,5 კილომეტრიან გზაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, გაკეთდა ჯებირები და მოეწყო გარეგანათება. შემოწირულობებით აშენდა სატრაპეზო. დღეიდან მრევლსა და ნეკრესში ჩასულ ტურისტებს სამონასტრო კომპლექსამდე მისვლა სპეციალური მიკროავტობუსებით შეეძლებათ.

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი მოქმედი 2000 წლიდან გახდა და მამათა მონასტერი დაარსდა. ნეკრესის მონასტერი კახეთის უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურის ცენტრი იყო. კომპლექსი მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მონასტრის იტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: ერთი მხრივ, სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება. ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელთან, რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს.

კომპლექსი შეიცავს ადრეული IV საუკუნის სამლოცველოს, სამეკლესიან ბაზილიკას (VI-VIIსს.), გუმბათიან ეკლესიას (VIII-IX სს.), საეპისკოპოსო სასახლეს (IX ს.) კოშკს (XVI ს.) მარანს, რამდენიმე სამეურნეო შენობის ნაშთს, სატრაპეზოს, ბერთა სენაკებს, მცირე სამლოცველოებს და სხვა.ძველი წყაროების მიხედვით, ნეკრესი ქალაქს წარმოადგენდა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ ქრისტიანობის წინარე ხანაში. ისტორიკოსთა ცნობით, ქალაქი დააარსა მეფე ფარნაჯომმა, რომელიც მეფობდა 112-93 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე - "(ფარნაჯომ) იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი". ქალაქ ნეკრესის გაშენიანების შემდეგ ეტაპად, მემატიანეს ცნობით, შეიძლება ჩაითვალოს მეფე არშაკ მირვანის ძის მეფობის ხანა, ე. ი. ძველი წელთაღრიცხვის უკანასკნელი საუკუნე. "ქართლის ცხოვრების" ცნობითვე მეფე მირიანის დროს უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მისმა მამამძუძემ მირვანოზმა განამტკიცა ქალაქის ზღუდენი: "მირვანოზ ჰმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა და უმეტეს ყოველთასა მომტკიცნა ზღუდენი ნეკრესისა ქალაქისანი".

ჯერ კიდევ არ არის მოპოვებული ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, ესადაგება თუ არა ისტორიულ დოკუმენტებში არაერთგზის მოხსენებული ქალაქი ნეკრესი აწ არსებულ ქრისტიანულ კერას, თუმცაღა მათი იდენტიფიკაცია სავსებით დასაშვები და მისაღებია, მით უფრო, რომ XVIII საუკუნის ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს: "(ნეკრესში) არს აწცა საეპისკოპოზო და ზის ეპისკოფოზი, არამედ არღარაა ქალაქი". ნეკრესის მონასტერში მშენებლობის დაწყება დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანობის მიღებისა და მისი სახელმწიფო რელიგიად აღიარების პირველივე წლებთან. სწორედ ამ პერიოდში, აწინდელი კომპლექსის ცენტრში, ააგეს მცირე ზომის მინიატურული სამლოცველო. თუმცა იგი სიმცირის, მრავალი გადაკეთბისა და თავისი უჩვეულო სილუეტის წყალობით მოკლებულია იმ იმპოზანტურობასა და მომხიბვლელობას, რომელიც შემატა მონასტერს შემდგომმა განაშენიანებამ, მისი მნიშვნელობა უდავოა. პირველ ყოვლისა, იგი თავისთავად მთელი მომდევნო განაშენიანების საწყისს, ბირთვს წარმოადგენს და სწორედ მისგან წარიმართა სხვადასხვა მიმართულებით მონასტრის შემდგომი ზრდა.

მემატიანეს ცბობით, მირიან მეფის შვილიშვილის, მეფე თრდატის დროს (IVსაუკუნის მესამე მეოთხედი) ნეკრესში სამლოცველო აშენდა. "ნაკრესის კახეთისასა ეკლესიად აღაშენა განსრულებით". კომპოზიციის არქაულობა და სხვა არქიტექტურულ ფორმათა ანალიზი საფუძველს გვაძლევს, რომ მატიანეში ნახსენები ეკლესია გავაიგივოთ აწ არსებულ მცირე ბაზილიკასთან. ნეკრესის ეს უადრესი ეკლესია ზომით 4.6x3.8 მ2 , მსგავსად ამ რეგიონის სხვა ძეგლებისა ნაგებია ფლეთილი ქვით და დგას საგანგებოდ შექმნილ საყრდენზე (სუბსტრუქციაზე), რომელიც კრიპტაა (საძვალე) მოწყობილი. ეკლესიის მშენებელმა თავისი სამლოცველო მხოლოდ გარეგნულად დაამსგავსა ბაზილიკას (სამი ნავიდან ცენტრალური ბევრად მაღალია გვერდითებზე) და უგულებელყო ამ ტიპის ისეთი არსებითი მხარეები როგორიცაა: ხაზგასმული გრძივი ღერძი, ნავთა გამყოფი სვეტის მწკრივი და სხვა. ეს დარღვევები მიგვანიშნებს, რომ ეკლესია ბაზილიკური ტიპის შენობის სიტყვიერი აღწერის საფუძველზე შეიძლება იყოს აგებული.

ეს მცირე თავისებური ნაგებობა გარეთა სივრცისკენ თაღებით იხსნება. როგორც ჩანს, ქრისტიანობის დამკვიდრების ამ პირველ ეტაპზე ეს გარემოება საშუალებას აძლევდა მლოცველს წირვის დროს გარეთ დარჩენილიყვნენ. ეკლესიის ცენტრალური ნავი ძალიან ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდით მთავრდება. ასევე ნალისებრია ფართო ფორმის თაღები, რომლითაც ცენტრალური ნავი გვერდითებს უკავშირდება. მკაფიოდ გამოვლენილი ნალი, ქართული ხროთმოძღვრების ეს ერთ-ერთი ადრეული ფორმა, არაერთგზის არის გამოყენებული ამ სამლოცველოშიც. ასეთივე ნალისებრი ფორმის თაღით სრულდება ყველა სარკმელი. ადრეული პერიოდის მანიშნებელია კრიპტის არსებობა და აღმოსავლეთ კედელში კარის გაჭრა, რაც მომდევნო საუკუნეებში აღარ გვხვდება. მოგვიანებით ეს ეკლესია საცხოვრებლად იყო გადაკეთებული და დროთა განმავლობაში საგრძნობი ცვლილებებიც განიცადა. ნეკრესის ამ მცირე ბაზილიკის მნიშვნელობა მის სიძველეში და ორიგინალურ გადაწყვეტაში მდგომარეობს. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ ქრისტიანულ ნაგებობას საქართველოში, აშენებულ ბაზილიკური კომპოზიციის პროგრამის მიხედვით, მაგრამ მასში მკვეთრად ვლინდება ის საფუძვლები, რომლებიც განვლო ამ ტიპმა ნამდვილი ბაზილიკური ფორმის შეთვისების გზაზე.

განაშენიანების მეორე ეტაპი მონასტერში ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების პირველ აღმავლობას ემთხვევა (VI-VII სს.) ეს პერიოდია, როცა უკვე ჩამოყალიბდა ქრისტიანული არქიტექტურის გარკვეული მხატვრულ-სტილისტიკური სახე, როცა გამძლავრდა სამშენებლო ტრადიციები, გაძლიერდა და წელში გაიმართა ეკლესიაც, რომელიც 553 წ. კონსტანტინეპოლში მოწვეული საეკლესიო კრების შედეგად განიწმინდა მონოფიზიტთა, ნესტორიანელთა და სხვათა მოძღვრებისაგან და იზეიმა მართლმადიდებლობის გამარჯვება. რწმენის განწმენდამ და დაკონკრეტებამ ხელი შეუწყო საკულტო ხუროთმოძღვრების მეტად განვითარებასაც. სწორედ ამ მძლავრი აღმავლობის პერიოდში, VI-VII საუკუნეების მიჯნაზე, მცირე სამლოცველოს აღმოსავლეთით აგებულ იქნა მონასტრის მთავარი ტაძარი, რომელიც წარმოადგენს სრულიად თვითმყოფად და მხოლოდ ქართველათვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ტიპს - სამეკლესიან ბაზილიკას. იგი გარედან ბაზილიკურ სილუეტს ინარჩუნებს, ინტერიერში კი განსხვავებულია: თითოეული ნავი ყრუ კედლით არის გამოყოფლი და დამოუკიდებელი "ეკლესიის" სახეს იღებს. ამ ორიგინალური ტიპის წარმოშობა დაკავშირებული იყო დღის განმავლობაში რამდენიმე წირვის გადახდის საჭიროებასთან, რაც წესისამებრ ცალკე საკურთხეველს ითხოვდა. ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით, კუთხეებსა და ყველა კონსტრუქციულ ნაწილებში შირიმია გამოყენებული. ეკლესიის ფასადები სადაა. ერთადერთ დეკორაციულ ელემენტს დასავლეთ ფასადზე გამოკვეთილი ჯვარი წარმოადგენს, აღმოსავლეთ ფასადზე კი - იმავე შირიმის წარბი სარკმლის თავზე. ინტერიერში მთავარი ეკლესია ღრმა საკურთხევლით სრულდება. მის ორივე მხარეს სწორკუთხა პასტოფორუმებია განთავსებული (სამსხვერპლო და სადიაკვნე), ხოლო მათ გაგრძელებაზე, სიმეტრიულად, აფსიდებით დასრულებული გვერდითი "ეკლესიებია" მოცემული, რომლებიც გაერთიანებულია დასავლეთ მინაშენით. ამგვარად ცენტრალური ეკლესიის ირგვლივ სამმხრივი გარშემოსავლელი იქნება. გარშემოსავლელის სამხრეთი და ჩრდილოეთი კედელი ეზოსკენ გახსნილი იყო მრგვალ სვეტზე დაფუძნებლი ორთაღედით. მოგვიანებით, სამხრეთის ორთაღედი შეუვსიათ წყობით, ასევე ამოქოლეს მთავარ ეკლესიაში გამავალი სამხრეთის კარი. ჩრდილოეთის ეკლესია კი თითქმის მთლიანადაა ჩამონგრეული.

ნეკრესის სამეკლესიანი ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული და ამ ტიპის ეკლესიათა ჩამოყალიებულ, კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს. ეკლესია XVI საუკუნეში მოუხატავთ და თითქმის სრულადაა შემონახული ბაზილიკის ცენტალურ ეკლესიაში. აქ დაცულია ქართული და ნაწილობრივ ბერძნული ფრესკული წარწერები. ამ ეკლესიის სამხერთ კედლის დასავლეთ ნაწილში მხატვრობის დამკვეთნი, მეფე ლეონ (1520-1574 წწ.) და მისი მეუღლე თინათინი არიან გამოსახულნი.

შემდგომი ნაშენებისდა მიუხედავად, ბაზილიკამ შეინარჩუნა მონასტრის მთავარი ტაძრის სახელი და მნიშვნელობა. XVI საუკუნის 80-იან წლებში მონასტერს რუსი ელჩები ეწვივნენ. თავის ნუსხებში, მონასტერში დაცულ სიძველეთა აღწერისას ისინი ხაზგასმით აღნიშავდნენ, რომ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მთავარი ტაძარია მონასტრისა და სწორედ მასშია დაცული მათ მიერ აღწერილი მთელი რიგი ძვირფასი ხატებისა.

გაცხოველებული მშენებლობა მიმდინარეობდა მონასტერში VIII-IX საუკუნეებში, ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ეგრეთწოდებულ გარდამავალ პერიოდში. ამ დროს კომპლექსს ჩრდილო-დასავლეთიდან დაემატა გუმბათიანი ეკლესია (IX ს.) რომლის პროპორციებში, (გარედან გუმბათის ყელის ბრტყელი ნიშებით დამუშავება, შვერილი საკურთხევლის თავისებური გაფორმება) და თავისებურ გადაწყვეტაში ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი ნიშნები იჩენს თავს. ეკლესია, მსგავსად ამ კომპლექსის სხვა ძეგლებისა, ნაგებია ფლეთილი ქვით, კონსტრუციულ ნაწილებში შირიმია გამოყენებული. სახურავი კრამიტისაა. გეგმით იგი უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს არის გუმბათიანი ეკლესია, რომლის კომპოზიციაში სამეკლესიანი ბაზილიკის ელემენტები გამოყენებული. ეკლესია თითქოს სხვადასხვა ნაწილისგანაა შედგენილი. მშენებლობის თვალსაზრისითაც, ეს ნაწილები მიშენებულია ერთმანეთთან. მთავარი ბირთვი ნაგებობისა არის მცირე ზომის გუმბათქვეშა კვადრატი, რომელსაც მაღალი გუმბათი ასრულებს. აღმოსავლეთიდან მას მიშენებული აქვს ხუთწახნაგა საკურთხეველი, ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან ვიწრო გარშემოსავლელი. ამ უკანასკელის სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილები აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება. საყურადღებოა, რომ ჩრდილოეთის ეკლესია სრულიად გაუნათებელია და ბნელი, ვიწრო დერეფნის შთაბეჭდილებას ტოვებს, არსებობს მოსაზრება, რომ ეკლესიის ეს ნაწილი დაკრძალვამდე ბერების ცხედართა დასასვენებლად იყო განკუთვნილი.

ნეკრესის გუმბათიანი ეკლესია მონასტრის მნიშვნელოვანი ვერტიკალია (კოშკის შემდეგ ). განთავსებულია კომპლექსის დასავლეთ ნაწილში და აღიქმება როგორც ანსამბლის კომპოზიციის დამასრულებელი წერტილი.

დაახლოებით ამავე დროს, გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, ხევის პირას აუგიათ გძელი, ორსართულიანი საეპისკოპოსო სასახლე, რომლის სამხრეთის ფასადის ორივე სართულზე გაჭრილი მაღალი თაღოვანი სარკმელებიდან იშლება ალაზნის ველის შესანიშნავი ჰანორამა. სასახლის ოთახები ანფილადური წესითაა განლაგებული; პირველი სართულის მთავარ დარბაზში შემორჩენილია რვაწახნაგა სვეტი, რომელსაც ზედა სართულის იატაკის სისტემის მთავარი კოჭები. მოგვიანებით, ამ სვეტის ორივე მხარეს, კედელი ჩაუშენებიათ. სასახლის დარბაზში უამრავი ნიში და უზარმაზარი ბუხრებია მოწყობილი. გადახურვა ბრტყელი უნდა ყოფილიყო და სრულდებოდა ორკალთიანი სახურავით. სასახლის გაგრძელებაზე აღმოსავლეთით, განლაგებულია ერთსართულიანი შენობა, რომელშიც მარანია მოწყობილი. მარნის შემდეგ ამავე ჭერძე მოქცეულია მცირე დამხარე სათავსო. ამ სათავსოთა იატაკის ქვეშ ორი სართულია. მარნის შემდეგ იმავე ღერძე მოქცეულია მცირე დამხმარე სათავსო. ამ სათავსოთა იატაკის ქვეშ ორი სართულად არის განთავსებული რიგი სათავსოებისა პირველ ზედა სართულში განლაგებულია ოთახები კამაროვანი გადახურვით (შემსაძლოა ბერთა საერთო საცხოვრებელი), ქვედა სართულში კი რამდენიმე ცალკეული სენაკია.

მარნის თავზე XVI საუკუნეში ააშენეს ოთხასართულიანი ოთხკუთხა თავდაცვითი დანიშნულების მქონე კოშკი, რომელშიც მოხვედრა უშუალოდ მარნიდანაა შესაძლებელი. კოშკი მაღალია, სართულშუა გადახურვები ხისაა. მხოლოდ ქვედა, ძალიან მაღალ სართულზე (სასახლის ორივე სართულის სიმაღლეზე ) აქვს კამაროვანი გადახურვა. კოშკის ოთხივე კდელს, ზედა სართულზე ფართო თაღოვანი სარკმლები დაუყვება. კოშკი ანსამბლის მთავარი ვერტიკალური დომინანტია. იგი მოგვიანებით აშეიჭრა ამ ვიწრო განაშენიანებაში და არამცთუ არ დაარღვია მისი კომპოზიციური ერთიანობა, პირიქით, მეტი მთლიანობა და იმპოზანტურობა შესძინა ანსამბლს. გარდა ამისა, მხატვრულ-ისტორიული თვალსაზრისით იგი თავის დროის თავდაცვით ნაგებობათა საინტერესო და ნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.

ნეკრესის მონასტერის ტერიტორიაზე შედარებით უკვე შემონახულ გვიანი ხანის საზოგადოებრივი დანიშნულების მქონდე ნაგებობათა შორის ყურადღებას იპყრობს საკმაოდ დიდი ზომის სწორკუთხა შენობა კედლის თაღების რიგით, განლაგებული გუმბათიანი ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელიც მკვლევართა აზრით სატრაპეზოს წარმოადგენდა.

ანსაბლი გარშემორტყმულია ქვის გალავნით. შემოსასვლელი გალავანს სამხერთ-დასავლეთით ჰქონდა. გვიან შუა საუკუნეებში კომპლექსს მცირე ზომის, კოხტა დარბაზული სამლოცველო შეემატა.

მონასტრის მყუდრო, თვალისგან მოფარებულ ადგილასაა აგებული. სამაგიეროდ, იქიდან ხელისგულივით იშლება ალაზნის ველის ვრცელი შესანიშნავი პანორამა. მის ასეთი მდებარეობა არა მარტო ესთეტიკურადაა მომხიბვლელი, არამედ მოხერხებულიც უნდა ყოფილიყო. ამიტომაც არ განელებულა იქ მშენებლობა მრავალი საუკუნის განმავლობაში, დაწყებული IV საუკუნიდან, XVIII საუკუნემდე.

მონასტრის შენება დღევანდელი კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყეს, შემდეგ VIII-IX საუკუნეებში მშენებლობამ დასავლეთით გადაინაცვლა. საბოლოოდ კი, მრავალი ოსტატის მეცადინეობით, მონასტერი ცხოველხატულ, სხვადასხა დროისა და ტიპის ნაგებობათა მშვენიერ შეკავშირებად იქცა. ერთიანი საშენი მასალა და მშენებლობის ტექნიკა, კახეთისთვის ჩვეული შირიმისა და რიყის ქვის გამოყენებით, განუმეორებელად მიმზიდველს ხდის მონასტერს.

ნეკრესის მონასტერი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა, არაერთგზის დაურბევიათ ლეკებს, რომელთა შემოსევები XIX საუკუნის შუა წლებამდეც კი გაგრძელდა. XX საუკუნის ოციან წლებში დაიწყო ძეგლის მეცნიერული შესწავლა, ხოლო უფრო მოგვიანებით, 1940-50 წლებში, კომპლექსზე მიმდინარეობდა დაცვით-გამაგრებითი სამუშაო. სადღეისოდ სარესტავრაციო სამუშაო ძეგლზე დასრულდა.
 
 

ასევე:

  • 29 ოქტომბერი ასურელი მამების ხსენების დღეა
  • ჟინვალის წყალსაცავთან ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობა დაიწყო
  • დოდოს რქის მონასტერს რეაბილიტაცია უტარდება
  • ახაშენში ღვთისმშობლის ფრესკა აღმოაჩინეს
  • სუმელას მონასტერში ქრისტიანული წირვა აღევლინება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge