|
24-01-2011, 11:04
თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების ფიზიკის 14 მასწავლებელი შვეიცარიაში, CERN-ის კვლევით ლაბორატორიაში სტაჟირებას გაივლის.
ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, CERN- ის ექსპერტებთან თანამშრომლობით, ქართველი მასწავლებლებისთვის სპეციალური სატრენინგო პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში, პედაგოგები მოისმენენ სპეციალურ ლექციებს თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრაზე, დაესწრებიან სემინარს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკასა და კოსმოლოგიაში, მოინახულებენ ATLAS-ის ცენტრს, გაეცნობიან CERN-ში მიმდინარე კვლევებსა და ექსპერიმენტებს.
მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე, შვეიცარიიდან დაბრუნებული პედაგოგები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფიზიკის მასწავლებელთა ტრენინგებს განახორციელებენ.
მინისტრის განცხადებით, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია და ტექნიკური დარგების განვითარება, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც განახორციელებს მსგავს პროგრამებს პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ამ დროისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციისა და ტექნიკური დარგების განვითარების მიზნით, მთელ რიგ ღონისძიებებს ატარებს: წარმატებით მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვა, სწავლების პროცესში პედაგოგები აქტიურად იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიებს, მზადდება სამეცნიერო-პოპულარული ფილმები, მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ტრენინგები.
პრეზიდენტის ინიციატივით, განათლების სამინისტრო მიმდინარე წელს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის სტიმულირების მიზნით სკოლებში სხვადასხვა კონკურსის ჩატარებასაც გეგმავს. mes.gov.ge |
|